ნიკა რურუა:  სამინისტროების გაერთიანება ბიუროკრატიის შემცირებას არ ნიშნავს

ნიკა რურუა: სამინისტროების გაერთიანება ბიუროკრატიის შემცირებას არ ნიშნავს

მთავარია ბიუროკრატიის შემცირება. სამინისტროების გაერთიანება არ ნიშნავს ბიუროკრატიის შემცირებას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა რურუამ განაცხადა. 

როგორც რურუამ განაცხადა, გაბერილი ბიუროკრატია აშკარად სახეზეა. 

„კულტურის სამინისტროში დაემატა მაგალითად 80 თანამშრომელი, წინა წლებში იყო 137 ადამიანი. ბიუროკრატია ძალიან გაიბერა და მათი შენახვა ხალხს ძვირი უჯდება. ეს დაპირება იდეაში თუ ცარიელი პოპულიზმი არ არის, ვნახავთ გადაწყვეტილების მერე. მაგრამ ეს დაპირება შეიძლება დარჩეს დაპირებად. ზოგადად ვამბობ, რომ მცირე ბიუროკრატია, პატარა და იაფად შესანახი მთავრობა არის ის, რაც სჭირდება ჩვენ ხალხს და ქვეყანას. ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა ჩადებულია ამ ბიუჯეტში, მაგრამ არ არის ჩადებული პენსიების და მასწავლებლების ხელფასების ზრდა. ეს დაპირებები, რაც გაკეთდა, ბიუჯეტში არ არის ასახული. სამინისტროები შეიძლება გააერთიანო, მაგრამ ბიუროკრატია გაზარდო. უნდა შემცირდეს ხარჯები ბიუროკრატიაზე და ეს ხარჯები უნდა მოხმარდეს განათლებას, თავდაცვას, ჯანდაცვას და ა.შ., რაც მართლა სჭირდება ხალხს, პენსიებს, მასწავლებლების ხელფასებს, რომელიც უკიდურესად დაბალია. ამიტომ ეს დაპირება ჩემთვის ბუნდოვანია, შედეგი გვიჩვენებს მართლა არის ეს ბიუროკრატიის შემცირება თუ ერთ-ერთი პოპულისტური დაპირება“, - განაცხადა ნიკა რურუამ.

„სამინისტროების მიმართულებით გარკვეული ცვლილებები გამორიცხული არ არის, თუმცა ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამინისტროების ოპტიმიზაციის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.