”თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ადასტურებს, რომ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობის ერთ-ერთი თემა ”ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობის საკითხი იყო.
“ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერთა ნაწილი მხარს უჭერდა პარტიის ”ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას, მათ შორის საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში, ცაგარეიშვილმა განმარტა, რომ უმცირესობის შექმნის საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ საუბარი იყო სავარაუდო კონფიგურაციაზე, რომელიც პარლამენტში ”თავისუფალი დემოკრატების” შესვლის შემთხვევაში უნდა შექმნილიყო.
”სამომავლო გეგმებზე ნებისმიერ პარტიაში მიდის საუბარი. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საარჩევნო ბარიერს გადავლახავდით. საუბრები იყო, ამას გიდასტურებთ. საუბარი იყო ბევრ თემაზე, მათ შორის ამგვარ საკითხებზეც. იყო აზრთა სხვადასხვაობა. ეს არ იმალებოდა, ეს ჩანდა და შესაბამისად შედეგიც სავალალო მივიღეთ”, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.