25-26 ოქტომბერს ქ. ისლამაბადში (პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა) ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მე-15 მინისტერიალი გაიმართა. აღნიშნულ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და აღნიშნული სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სალუქვაძემ.
ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის მე-15 მინისტერიალის ფარგლებში საქართველო გახდა CAREC-ის სრულუფლებიანი წევრი.
2015 წლიდან საქართველო აღნიშნულ პროგრამაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. CAREC-ის პროგრამის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წევრ ქვეყნებს შორის ტრანსპორტის, ვაჭრობის, საბაჟოს და ენერგეტიკის სფეროების განვითარება წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო პროცედურების გამარტივების, სატრანსპორტო და ენერგო დერეფნების განვითარების საკითხებს ეთმობა.
დღეის მდგომარეობით პროგრამაში გაწევრიანებულია შემდეგი 10 ქვეყანა: ავღანეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.
CAREC-ის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისლამური განვითარების ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა და მსოფლიო ბანკი.
გაწევრიანების შემდეგ საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს მიმდინარე რეგიონალური მნიშვნელობის ტექნიკური დახმარების და საგრანტო პროექტებით და ასევე ქონდეს წვდომა ფინანსებზე რეგიონალური მნიშვნელობის პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მნიშვნელობას რეგიონში. CAREC-ის წევრობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს საქართველოს ჩართულობას ისეთ რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში და ინიციატივებში, როგორიცაა მაგალითად ,,ახალი აბრეშუმის გზა“.
მინისტერიალის ფარგლებში, ისლამაბადში საინვესტიციო ენერგეტიკული ფორუმი გაიმართა, სადაც ქართული მხარემ ასევე მიიღო მონაწილეობა.