”პატრიოტთა ალიანსი” აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას „პროვოკაციულს“ უწოდებს და აპირებს პასუხი მოსთხოვოს. ირმა ინაშვილი და დავით თარხან - მოურავი აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს სააგენტო ”ტრენდთან” გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც ნათქვამია, რომ დავით თარხან-მოურავის განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს ოფიციალურ კურსს და ქართველი ხალხის მენტალიტეტს.
როგორც ”ტვ პირველის” ეთერში ”პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, ისინი მოითხოვენ განმარტებას, რატომ გააკეთა საელჩომ ეს განცხადება.
”ჩვენ პასუხს მოვთხოვთ საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში, რომელმაც მსგავსი ტიპის განცხადება გააავრცელა. მოვთხოვთ განმარტებას, რას ჰქონდა ადგილი, რატომ გააკეთეს ეს განცხადება და საერთოდ რატომ ეწევიან ასეთ პროვოკაციულ საქმიანობას. ქვეყანაში უნდა დასრულდეს ტყუილი და მსგავსი ტიპის პროვოკაციების აგორება. მე არ მახსოვს აზერბაიჯანაში საქართველოს საელჩოს განცხადებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მაშინ როდესაც დავით გარეჯში ხდებოდა ძალიან დიდი ვნებათათელვა ქართულ მიწებთან დაკავშირებით, საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვარზე, იქ ჩვენ ვიყავით და მე რატომღაც არ მახსოვს აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს განცხადებები”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა კი უარყო მის მიერ აზერბაიჯანის საწინააღმდეგო განცხადების გაკეთება და აღნიშნა, რომ ეს სრული სიცრუეა.
”არასოდეს არავითარი მსგავსი განცხადება არ გამიკეთებია. ეს არის აბსოლუტური ტყუილი, სიცრუე და სრული ბოდვა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში კონკრეტულად თქვას, სად ვთქვით, რა ვთქვით, ვიდეო ან რადიომასალა მოგვასმენინოს, დადოს დოკუმენტი”, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
საქართველო და აზერბაიჯანი - ისტორიულად მოძმე ქვეყნები არიან, რასაც ადასტურებს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთობლივი გეგმები, - შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ სააგენტო „ტრენდთან“ საუბარში გააკეთა.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ცოტა ხნის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ზედმეტმა სირბილემ შესაძლოა ქვეყნის დაშლა გამოიწვიოს. მოურავის თქმით, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანს შეუძლია, მარნეულის რეგიონზე გამოთქვას პრეტენზია.
„ჩვენმა ხალხებმა დაამტკიცეს ერთმანეთისადმი მეგობრული ურთიერთობა, რელიგიური და ეთნიკური ტოლერანტობა, დაამყარეს მულტიკულტურალიზმის პრინციპებზე აგებული ღრმა კავშირები. ამიტომ, მსგავსი სახის განცხადებები, რომელსაც საზოგადოებაში მხარდაჭერა არა აქვს, სხვა არაფერია, თუ არა პოპულიზმი“, - განუცხადეს „ტრენდს“ საქართველოს საელჩოში.
როგორც „ტრენდი“ აღნიშნავს, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აღნიშნეს, რომ მსგავსი განცხადებები კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ოფიციალურ კურსს და ქართველი ხალხის მენტალიტეტს.