ნატო-რუსეთის ურთიერთობაში დაწყებულ კრიზისამდე იყო საგანგებო სიგნალები, მათ შორის 2008 წლის ომი საქართველოსთან, თუმცა მაშინ ალიანსმა ამას სათანადო ყურადღება არ მიაქცია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ექს-მდივანმა ალექსანდრ ვერშბოუმ რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ქალიშვილისთვის, ჟანა ნემცოვასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„2014 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო და, ყირიმის ანექსიით, პარადიგმა სრულად შეცვალა. ამიტომ, ჩვენი მოსაზრებით, კრიზისისთვის ჩვენს ურთიერთობაში პასუხისმგებელია, პირველ რიგში რუსეთი.
ჩვენ ვხედავდით მანამდე საგანგებო სიგნალებს, მაგრამ სათანადოდ არ შევაფასეთ. ომი საქართველოსთან 2008 წელს, მოლდოვაში რუსული ჯარების უკანონო ყოფნა - ყველაფერი ეს მეტყველებდა და დღესაც მეტყველებს მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტისადმი უპატივცემლობაზე“, - განაცხადა ვერშბოუმ.
მისივე თქმით, 2007 წელს, მიუნხენის კონფერენციაზე პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ რუსეთი ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებით შეშფოთებულია, ალიანსში სერიოზულად აღიქვეს, თუმცა ჩათვალეს, რომ რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელება შესაძლებელი იყო.
„გვესმოდა, რომ რუსეთს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე სხვანაირი ხედვა აქვს, მაგრამ მიგვაჩნდა, რომ საერთო ინტერესების ფუნდამენტი საკმარისად ძლიერია ამ წინააღმდეგობების გადასალახად. ახლა კი ვფიქრობ, რომ რუსული პოლიტიკის და პირადად პრეზიდენტ პუტინის მნიშვნელოვანი ამოცანაა, ნატო მტრად წარმოაჩინოს. ამიტომ, ალიანსის გაფართოება აღმოსავლეთით, რომლის შედეგად, სხვათა შორის, არც ერთი ტანკი რუსეთს არ მიუახლოვდა, წარმოდგენილია როგორც პროვოკაცია. მაგრამ ნატო-ს გაფართოებამ რუსეთის დასავლურ საზღვრებთან სტაბილური, დემოკრატიული სახელმწიფოების თანასაზოგადოება შექმნა, რამაც ეს საზღვარი უფრო უსაფრთხო გახადა. არასტაბილურობა, რომელსაც რუსეთს სინამდვილეში აქვს საქმე, დასავლეთში კი არა, სამხრეთშია. თუმცა კრემლისთვის მომგებიანია ნატო-ს მტრად წარმოჩენა და სწორედ ამიტომ აღმოვჩნდით ასეთ საშინელ სიტუაციაში“, - განაცხადა ვერშბოუმ.