ევროკავშირში საქართველოს ელჩი, ნატალი საბანაძე ე.წ."შეჩერების მექანიზმის" მოკლე ვადებში შემუშავებას ელოდება, რაც მისი თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს დააჩქარებს.
ელჩის თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დაინტერესებული არიან, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს "შეჩერების მექანიზმის" შემუშავება.
"პროცესის ძალიან დიდ გაჭიანურებას არ ველოდები, რადგან ყველა დაინტერესებულია, რომ მოკლე ვადაში შემუშავდეს ეს მექანიზმი", - აღნიშნა საბანაძემ.
ამასთან, ელჩი განმარტავს, რომ "შეჩერების მექანიზმი" ახალი არ არის, თუმცა ახლა, მისი დახვეწა მიმდინარეობს.
"სახელმწიფოებს შეეძლოთ და ჰქონდათ იმის საშუალება, რომ თუ რაიმე საოცრება ხდება, ირღვევა წესები და მოლოდინები, უვიზო შეუჩეროს ნებისმიერ სახელმწიფოს, ამის შესაძლებლობა არსებობდა. წევრმა სახელმწიფოებმა იფიქრეს, რომ ეს "შეჩერების მექანიზმი", რომელიც არსებობს და რეალურად არასდროს გამოყენებულა, უნდა დაიხვეწოს, რადგან მათ მიეცეთ მეტი კონტროლი, თუ რა ხდება საზღვრებზე. არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომლის შემთხვევაშიც შეიძლება, რომ ეს მექანიზმი ამოქმედდეს. რა თქმა უნდა, ეს თავიდან იქნება დროებითი, უნდა მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა.
საუბარია საოცრად დიდი მოზღვავებაზე არალეგალურად დარჩენილი ხალხის, თავშესაფრის მაძიებელთა დიდ ზრდაზე. ეს წევრ სახელმწიფოებს აძლევს უფრო მეტი კონტროლის საშუალებს",-აცხადებს ნატალი საბანაძე "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში.