მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშით, "Doing Business 2017" საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ის მე-16 ადგილს იკავებს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შარშანდელი წელი, 24-ე ადგილით დაიხურა. მსოფლიო ბანკმა ეს მონაცემი მოგვიანებით თავადვე დააზუსტა და 24-ის ნაცვლად, საქართველო 23-ე ადგილზე გადავიდა.
აქედან გამომდინარე, საქართველომ შარშანდელი მონაცემები ერთბაშად 7 ადგილით გააუმჯობესა და "Doing Business 2017"-ის რეიტინგში მე-16 ადგილი დაიკავა.
"ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის (მაკედონიისა და ლატვიის შემდეგ).
საქართველო იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.
2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო დასახელებულია, როგორც რეგიონის ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების კუთხით.
საქართველო კვლავ რჩება ტოპ-რეფორმატორ ქვეყნად ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
საქართველოს წლევანდელი წარმატება განაპირობა ქვეყნის მთავრობის კოორდინირებულმა და ეფექტიანმა მუშაობამ. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული 5 რეფორმით საქართველო მსოფლიოში 190 ქვეყანას შორის 10 ტოპ-რეფორმატორი ქვეყანაა.
წინა წელთან შედარებით, 2017 წელს საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა გერმანია (მე-17 ადგილი), ირლანდია (მე-18 ადგილი), ავსტრია (მე-19 ადგილი), ისლანდია (მე-20 ადგილი), ლიტვა (21-ე ადგილი), კანადა (22-ე ადგილი), მალაიზია (23-ე ადგილი), პოლონეთი (24), პორტუგალია (25), ჩეხეთის რესპუბლიკა (27), ნიდერლანდები (28), საფრანგეთი (29), სლოვენია (30), შვეიცარია (31), ესპანეთი (32), სლოვაკეთი (33), იაპონია (34), ყაზახეთი (35), რუმინეთი (36), ბელარუსი (37), სომხეთი (38), ბულგარეთი
(39), რუსეთი (40), უნგრეთი (41), ბელგია (42), ხორვატია (43), მოლდოვა (44), სერბეთი (47), იტალია (50), მონტენეგრო (51), ისრაელი (52), აზერბაიჯანი (65), თურქეთი (69), უკრაინა (80) და სხვა.
საქართველო გაუმჯობესებული 5 ინდიკატორის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით 190 ქვეყანას შორის პირველ ათეულში შედის. ეს ინდიკატორებია: ქონების რეგისტრაცია (მე-3 ადგილი), კრედიტის მიღება (მე-7 ადგილი), მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა (მე-7 ადგილი), ბიზნესის დაწყება (მე-8 ადგილი) და მშენებლობის ნებართვა (მე-8 ადგილი).
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მიხედვით საქართველო ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მესამე პოზიციაზე იმყოფება და 10-დან 8 ინდიკატორში ტოპ ხუთეულში, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემის ინდიკატორში პირველ ადგილზეა. საქართველოს მსგავსი ეროვნული შემოსავლის (upper middle income) მქონე 51 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა, ხოლო მშენებლობის და ქონების რეგისტრაციის ინდიკატორების მიხედვით პირველ ადგილზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 7 ინდიკატორში და 11 კომპონენტში, ხოლო სარეიტინგო ქულა - 7 ინდიკატორში.
2017 წლის რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო აღიარება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია.
აღნიშნული რეფორმებია:
ქონების რეგისტრაცია - გაუმჯობესდა მიწის ადმინისტრირება თბილისში კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების რუკაზე დატანით;