დაპირისპირება ფოთში და ირაკლი ალასანიას დაპირებები (VIDEO)

დაპირისპირება ფოთში და ირაკლი ალასანიას დაპირებები (VIDEO)

ირაკლი ალასანიას ფოთში დაგეგმილ შეხვედრაზე, ხმაური, ჯერ კიდევ მანამ დაიწყო, ვიდრე დევნილების ახალ რაიონში შეკრებილ მოსახლეობასთან, თავად გამოჩნდებოდა.

ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციები ორად გაიყო და ისინი ერთმანეთს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. იყო ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი მუქარა, თუ მუშაობას არ შევწყვეტდნენ, კამერებს დაამტვრევდნენ.

ოპოზიციის წინააღმდეგ განწყობილმა ადამიანებმა, ირაკლი ალასანიას საქართველოში რუსეთის ინტერესების გამტარებელი უწოდეს.

თავად ალასანიამ ამ ფაქტზე კომენტირებიბას აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრი  უნდა არსებობდეს და ჭეშმარიტება სწორედ აზრთა სხვადასხვაობაში დაიბადოს.

ხმაური და კამათი, ირაკლი ალასანიას დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრის მთელ პერიოდს თან სდევდა, მეორე შეხვედრისგან განსხვავებით, სადაც დიალოგი, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ალასანია  მოსახლეობას, დევნილების, განათლებაში და დასაქმებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და კოალიციის ხედვებზე ესაუბრა.

ირაკლი ალასანია, ფოთში სტუმრობისას, მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ, გვაზავების სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს ესტუმრა და მათ ყოფით პრობლემებს გაეცნო. ოჯახი მრავალშვილიანია და საარსებო მინიმუმის გარეშე ცხოვრობს.

როგორც ოჯახის დიასახლისმა, შეხვედრისას აღნიშნა, ერთჯერადი ფულადი დახმარებები მათ მდგომარეობას ვერ ცვლის. ოჯახის უფროსი მამაკაცი, ავადმყოფობის გამო, მუშაობას ვერ ახერხებს.

ალასანია, ფოთელ ომის ვეტერანებს გიორგი ლოლუას და ანა ჟდანოვას ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

ირაკლი ალასანიამ ვეტერანებს „ქართული ოცნების“ პროგრამები გააცნო. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები სახელმწიფოს მიერ დაზღვეულები არ არიან, რის გამოც მათთვის სამედიცინო მომსახურეობა ხელმიუწყვდომელია. ირაკლი ალასანიამ მათ პირობა მისცა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ყველა ვეტერანი დაზღვეული და სოციალურად უზრუნველყოფილი იქნება.

„სახელმწიფო, რომელიც არ აფასებს ომისა და შრომის ვეტერანებს სახელმწიფოდ ვერ შედგება. ჩვენ, ჩვენს თანამებრძოლებს, ბიძინა ივანიშვილს უმთავრეს ამოცანად გვინდა დავისახოთ, რომ ვეტერანებს შევუქმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები“,-განაცხადა ალასანიამ.

ირაკლი ალასანიამ ფოთელებთან შეხვედრაზე, აქცენტები, ქვეყანაში მედიის მდგომარეობაზე გააკეთა. კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აღნიშნა, რომ ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს ორ ნაციონალურ მაუწყებელს-„რუსთავი2“-სა და „იმედს“, მისივე განცხადებით, პროგრესი შეინიშნება საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკაში.