"საპოლიციო გამოსახლების ნორმის დახვეწა აუცილებელია მესაკუთრეთა უფლებების დასაცავად"

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დიდუბის მე-16 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ილია წულაიას მიაჩნია, რომ საპოლიციო გამოსახლების ნორმის დახვეწა აუცილებელია მესაკუთრეთა უფლებების დასაცავად.

20 ოქტომბერს ტელეკომპანია "პირველის" სატელევიზიო გადაცმა "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას დიდუბის მე-16 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ილია წულაიამ მოსაზრება გამოთქვა საპოლიციო გამოსახლების გაუქმების თემაზე. 

აღნიშნულმა საკითხმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა და რიგ შემთხვევებში უარყოფითად შეფასდა. 

ილია წულაია აღნიშნავს, რომ საპოლიციო გამოსახლების ნორმის დახვეწა აუცილებელია მესაკუთრეთა უფლებების დასაცავად, რათა ზემოთ აღნიშნულ სიტუაციაში მაქსიმალურად იყოს დაცული ბინის მფლობელთა უფლებები.

ილია წულაია ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ყველა მესაკუთრისთვის საპოლიციო გამოსახლების აკრძალვა ყველაზე დიდ ზიანს აყენებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბინა იჯარით აქვთ გაცემული და მათთვის ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

"დგება შემთხვევა, როცა დამქირავებელი თანხას ვერ გიხდით და არც გამოდის თქვენივე ბინიდან. ამ შემთხვევაში, არ გაქვთ შესაძლებლობა, სწრაფად აღიდგინოთ თქვენი უფლება. ასეთ დროს გრჩებათ ერთადერთი კანონიერი გზა - უნდა შეიტანოთ სარჩელი სასამართლოში და იდავოთ საკუთარ ბინაზე, რომ მასში უკანონოდ სხვაპირი ცხოვრობს.

შესაბამისად, გეზღუდებათ უფლება, იცხოვროთ საკუთარ სახლში ან მიაქირავოთ სხვა გადახდისუნარიან პირს. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, სასამართლოში სამოქალაქო დავა 3-4 წლის განმავლობაში გრძელდება და ამ პერიოდში თქვენს სახლში ცხოვრობს უცხო პირი, რომელიც თანხას არ გიხდით. გარდა იმისა, რომ სასამართლო დავა ჭიანურდება, ასევე მოითხოვს დამატებით ხარჯებსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ უსიამოვნო პროცესებსა და ნერვების შლაზე" , - აცხადებს ილია წულაია.