საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრებთან გუშინდელ შეხვედრაზე თანამდებობრივ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა განუცხადა, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს.
„არავითარ თანამდებობრივ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა. შემომიარეს, დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს. ვილაპარაკეთ შექმნილ სიტუაციაზე, მიმდინარე პროცესებზე, წინასარჩევნო საკითხებზე, მეორე ტურის წინა პერიოდზე. აბსოლუტურად ნორმალურად მიმაჩნია, რომ მედია დაინტერესდა. თუმცა ითქვა, რომ ფარული იყო შეხვედრაო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პარლამენტში გაიმართა შეხვედრა, სადაც პრესის წარმომადგენლები მუდმივად იმყოფებიან. ჩემთან ოთახში შემოვიდნენ იქამდე სანამ თავის ოთახში ავიდოდნენ. გარდა ამისა, ვიქტორ დოლიძე მოქმედი თავმჯდომარეა საპარლამენტო დელეგაციის აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის (ევრონეტი) ფორმატში. ეს დელეგაცია უფლებამოსილია იქამდე სანამ ახალი პარლამენტი არ შეიკრიბება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ამ ფორმატის ფარგლებში შეხვედრები. მე ამ დელეგაციის წევრი ვარ. ამ საკითხებზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრებთან არც გუშინ და არც სხვა დროს თანამდებობრივ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა.
„ამ ადამიანებთან ამ თემაზე საუბარი არ შემდგარა. მე ხშირად ვამბობ, რომ სახელმწიფოებრივ პოზიციას არასდროს გაცდენია ჩვენი ოპონირება. ვიქტორ დოლიძე მომყავს ამის პოზიტიურ მაგალითად. იგივეს ვამბობ ვახტანგ ხმალაძეზეც. თუმცა, ეს არ ნიშნავს რაიმე საკითხის განხილვას, რომელიც თანამდებობასთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკისა და „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრებს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა. გია ვოლსკისთან კოსულტაციაზე ზურაბ აბაშიძე, გია ცაგარეიშვილი და დავით ონოფრიშვილი იმყოფებოდნენ.