გია ვოლსკის უბრალოდ დავემშვიდობეთ და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სამომავლო გეგმებზე არ გვისაუბრია

გია ვოლსკის უბრალოდ დავემშვიდობეთ და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სამომავლო გეგმებზე არ გვისაუბრია

”თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წარმომადგენლები, ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატები - ზურაბ აბაშიძე და გიორგი ცაგარეიშვილი ირწმუნებიან, რომ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკისთან შეხვედრისას მათ სამომავლო გეგმებზე არ უსაუბრიათ და შეხვედრის თემა აღმასრულებელ ხელისუფლებაში რაიმე პოზიციის დაკავება არ ყოფილა.

”ამ მხრივ არაფერ კონკრეტულზე საუბარი არ ყოფილა. გია ვოლსკისთან ურთიერთობა პარლამენტში მოსვლამდე მქონდა. ”ქართული ოცნება” არის არჩევნებში გამარჯვებული პარტია, რომელიც პარლამენტში დიდი ალბათობით საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა, ამიტომ ზოგადად ვისაუბრეთ ქვეყნის მომავალ განვითარებაზე, ხელისუფლების გეგმებზე, განვლილ პერიოდზე. არანაირი შემოთავაზებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო რა იქნება მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს - იცით, რომ მე ჩემი ბიოგრაფია სახელმწიფო სამსახურში მაქვს გატარებული”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ზურაბ აბაშიძემ.

დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის განმარტებით კი, გუშინ ის თავის კოლეგებს დაემშვიდობა, მათ შორის იყო გია ვოლსკიც.

”მე პარლამენტში 12 წელი და 7-თვე გავატარე. ვიღაცისთვის ეს შეიძლება არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ეს ლამის ჩემი ცხოვრების ნახევარია, რომელიც განსჯაში, ბრძოლაში გავატარე. პარლამენტში მყავს მეგობრები, მოკავშირეები, მათ შორის მეგობრები მყავს მმართველ გუნდში, რომელთან ერთადაც 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი მოვიყვანე. ბევრ საკითხზე აზრთასხვადასხვაობის მიუხედავდ, რის გამოც ჩვენ კოალიცია დავტოვეთ, მე მათთან თბილი, მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნე. ეს დღეები დავდივარ პარამენტში, ვცლი ოთახს, შევხვდი ბევრ კოლეგას, დავემშვიდობე და მათ წარმატება ვუსურვე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ვოლსკისთან შეხვედრისას ჩვენ სამომავლო გეგმებზე არ გვისაუბრია”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

დღეს, პარლამენტში ზურაბ აბაშიძე და გია ცაგარეიშვილი ბრიფინგს გამართავენ.