80-ზე მეტმა უფლებადამცველმა და ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა პეტიციას, რომლის თანახმად, რუსეთს გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოში არჩევის უფლება არ უნდა მიეცეს.
როგორც გამოცემა The Independent-ი წერს, პეტიციის მიზეზი სირიაში რუსეთის ქმედებები გახდა.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთი, რომლსაც გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს, რეგულარულად ბლოკავს ნებისმიერ რეზოლუციას, რომელიც სირიაში ცეცხლის შეწყვეტისკენ არის მიმართული, ხოლო რუსეთის მიერ ალეპოს დაბომბვები არ შეესაბამება გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს პრინციპებსა და მიზნებს.
პეტიციის ავტორები, მათ შორის Human Rights Watch-ი და Care International-ი აღნიშნავენ, რომ მოსკოვის თანამშრომლობა დამასკოსთან ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის განცხადებებს, რომ საბჭოში არჩევის შემთხვევაში ადამიანის უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს.
რუსეთი გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი 2013 წლიდანაა. საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევის პროცედურა 28 ოქტომბერს გაიმართება.