პოლიციის დღის აღსანიშნავად გორში გამართული აღლუმის დასკვნითი ნაწილი ტელეკამერების ობიექტებს მიღმა დარჩა. „ლიბერალმა" მოიპოვა აღლუმის შემდგომ გამართული ნადიმის აუდიოჩანაწერი და შორიდან გადაღებული ფოტოები. სუფრაზე წარმოთქმულ სადღეგრძელოებს შორის იყო ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოც, თამადამ შინაგან საქმეთა მინისტრს „თანამედროვეობის ლეგენდა" უწოდა.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, პოლიციის დღეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა 6 მაისს პოლიციის დღის აღსანიშნავად გორის ცენტრალურ მოედანზე გამართულ აღლუმზე. პრეზიდენტმა პოლიციის რეფორმაში მიღწეული წარატებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა, შემდეგ კი, აღლუმზე მყოფ ადამიანებს გორის დათვალიერება შესთავაზა.
აღლუმის მიმდინარეობის პარალელურად გორის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე სტადიონზე დადგმულ სამხედრო კარვებში სუფრა იშლებოდა. სტადიონზე მიმდინარე სამზადისის დანახვა ქუჩის მხრიდან შეუძლებელი იყო. სპეციალურად ჩამოფარებული სამხედრო საფარი, ე.წ. „კამუფლაჟი" და უსაფრთხოების თანმშრომლები ტერიტორიას უცხო თვალისგან იცავდნენ. სტადიონის ცენტრალურ ნაწილში აწყობილ სცენაზე ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეები რეპეტიციას გადიოდნენ, ხოლო კარვებს მიღმა მოწყობილ ორ საველე სამზარეულოში უნიფორმებში ჩაცმული მზარეულები კერძებს ამზადებდნენ.
აღლუმის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი ტელეკამერებთან ერთად გორის ქუჩების დასათვალიერებლად გაემართა. პოლიციელებმა კი, კარვებში გაშლილი სუფრებისკენ გადაინაცვლეს. შავი ჯიპების გარდა ცხინვალის გზატკეცილი „მარშუტკებითაც" აივსო. მოგვიანებით კი, გვერდით მდებარე კიდევ ერთ სტადიონზე ვერტმფრენი დაეშვა. თამადამ, რომელიც სადღეგრძელოებს მიკროფონის დახმარებით აჟღერებდა, პოლიციისადმი საყოველთო სახალხო სიყვარულზე ისაუბრა და ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოც წარმოთქვა: „ ვანო მერაბიშვილი უკვე გახდა ჩვენი თანამედროვეობის ლეგენდა. ადამიანი რომელიც არის ძალიან თავმდაბალი, რომელიც ერიდება ტელეკამერებს, მაგრამ არ ერიდება თავისი თანამშრომლების გვერდით ყოფნას. საქართველოს პოლიციას გაუმარჯოს ვანო მერაბიშვილის თამადობით!"
„გაუმარ-ჯოს! გაუმარ-ჯოს!" - გაისმა შეძახილები კარვების სხვადასხვა კუთხეებიდან.
ამ სადღეგრძელოს წარმოთქმიდან რამდენიმე წუთში სტადიონზე მდგარი ვერტმფრენი აფრინდა. ვანო მერაბიშვილმა, სავარაუდოდ, სუფრა დატოვა.
კარვებს შორის მდგარ სცენაზე ქართული ცეკვების გარდა, საოპერო არიები შესრულდა. მუსიკის და სადღეგრძელოების ხმა მიკროფონისა და „დინამიკების" წყალობით მთელს გარეუბანში ისმოდა. მათ შორის, კარალეთის დევნილთა დასახლებაში, რომელიც იქვე, გზის მეორე მხარეს მდებარეობს. საკუთარი კოტეჯების კიბეებზე ჩამომსხდარი დევნილები პოლიციელები ქეიფის ხმას მთელი საღამოს განმავლობაში ისმენდნენ.
ღონისძიებაზე დახარჯული თანხის ოდენობის გარკვევის მიზნით „ლიბერალი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე ვერ მივიღეთ.