"ეს არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია"

ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს, ადამიანის ძირითადი თავისუფლებების სრული დაცვით, კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ 8 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას ულოცავს.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე და დეპარტამენტისა და საზოგადოებრივ საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, ჯორ კირბი აცხადებს.

"აშშ ულოცავს საქართველოს მოსახლეობას 8 ოქტომბერს კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული არჩევნების ჩატარებას. არჩევნებმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შეფასებით, ძირითადი ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით  ჩაიარა. ეს არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია.

აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა წესისამებრ, თუმცა ვწუხვართ, რომ დაძაბულობა გაიზარდა დღის განმავლობაში და საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ამ გამონაკლის შემთხვევებს და მოვუწოდებთ, ყველა ინციდენტის საფუძვლიანად და დაბალანსებულად გამოძიებისკენ, რაც პატივს სცემს კანონის უზენაესობას.

ეს არჩევნები არის პირველი ნაბიჯი პროცესში, რომელიც გულისხმობს მეორე რაუნდში კონკურენციას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ მხარდამჭერებს, უზრუნველყონ  მშვიდ გარემოში მისი ჩატარება.

მოვუწოდებთ ყველას, ვინც არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს,  თავიანთი უკმაყოფილება გამოხატონ მშვიდობიანად და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  

გავაგრძელებთ საარჩევნო პროცესის, მათ შორის, მეორე ტურისთვის საარჩევნო კამპანიის მონიტორინგს. ამერიკის შეერთებული შტატები ელის, რომ საქართველოსთან ჩვენი ახლო თანამშრომლობა საერთო დღის წესრიგის მიხედვით გაგრძელდება, რაც გააძლიერებს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას და მის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში", - ნათქვამია განცხადებაში.