ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელი, რის შემდეგაც დაიგება ასფალტის საფარი. დიდი ჯიხაიშის ქუჩის ფართობი 10 010 კვ.მ-ია, პროექტის საერთო ღირებულება 1 475 500 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ადგილზე გაეცნო. დავით გოგიძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო.
„დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე 50 წელია საგზაო ინფრასტრუქტურა არ განახლებულა. ათეულობით ოჯახი წლების განმავლობაში ელოდა ქუჩის კეთილმოწყობას. დავიწყეთ მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომლის დასრულების შემდეგ ნაძალადევში კიდევ ერთი სრულიად განახლებული ქუჩა გვექნება“ - განაცხადა დავით გოგიძემ.
პროექტის მიხედვით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთლიანად გამართავს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემას - ახლით შეიცვლება 3 900 გრძივი მეტრი წყალსადენის მაგისტრალური მონაკვეთი და წყალარინების 2 500 მეტრი სიგრძის ქსელი. ასევე დამონტაჟდება ევროსტანდარტების ჩამკეტ-მარეგურებელი ურდულები და ჭები. მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც ნაძალადევის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია საგზაო სამუშაოებს გააგრძელებს და მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.