პარლამენტი არის მშვენიერ ადგილას, თუ გადატანის საკითხი დაისმება, მე წინააღმდეგი ვიქნები

პარლამენტი არის მშვენიერ ადგილას, თუ გადატანის საკითხი დაისმება, მე წინააღმდეგი ვიქნები

”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ პარლმენტის შენობა ქუთაისში უნდა დარჩეს. ამის შესახებ კობა ნარჩემაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”პარლამენტი არის მშვენიერ ადგილას ქუთაისში, ჩემი აზრით, ქალაქში, რომელიც ისტორიულად არის კულტურული, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ცენტრი. ჩემი ოპონენტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა - თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი საარჩევნო კამპანია იმაზე ააგოთ, რომ ქუთაისიდან გადააქვთ პარლამენტი, მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეცდომაში შეიყვანთ თქვენს ამომრჩეველს. ძალიან მკაფიოდ რამოდენიმე დღის უკან პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის და უმრავლესობა არ დააპირებს ხელის გადაგრეხვით იმოქმედოს და თუ ქუთაისელ ხალხს აქვს სურვილი პარლამენტი იქ იყოს, პარლამენტი იქნება ქუთაისში. მეც ამას ვუჭერ მხარს.

მისივე თქმით, ქუთაისს აქვს დიდი პერსპექტივა და 3-4 წელიწადში ქუთაისი სულ სხვა შესაძლებლობების ქალაქის გახდება.

”რამდენიმე დღის წინ, პრემიერის საზოგადოებასთან გამართულმა შეხვედრამ, მე მომცა აბსოლუტური განცდა და გარანტია, რომ ამაზე მსჯელობა არც იქნება”, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

მისი თქმით, თუ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის საკითხი დაისმება, ის წინააღმდეგი იქნება.

”მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, 99,9% -ის ალბათობით, რომ ეს საკითხი პარლამენტში არ დაისმება”, -აღნიშნა ნარჩემაშვილმა.