ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილი ”ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები მოინახულა

ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილი ”ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები მოინახულა

”თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილი ”ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები მოინახულა. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ფიზიკური ანგარიშსწორება მიუღებელია და ასეთი ფაქტები დაუშვებელია, მით უფრო როდესაც ის არჩევნებსა და ახალგაზრდებს ეხება.

ჩიქოვანი შესაბამის უწყებებს გამოძიების ჩატარებისკენ და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს. 

”სამ ახალგაზრდას აღენიშნება ტვინის შერყევა, ასევე აქვთ ფიზიკური დაზიანებაც. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია დაწყებულია გამოძიება. მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირებისა, მიუხედავად ნებისმიერი ოპონირებისა, ფიზიკური ანგარიშსწორება არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი. არ შეიძლება, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ასეთი რამ ხდებოდეს, თან მითუმეტეს როცა ეს ყველაფერი დაკავშირებულია არჩევნებთან და ახალგაზრდებთან. მოვუწოდებ, მიიღონ ყველა ზომა, რათა ამ ფაქტის გამოძიება დროულად მოხდეს”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში სცემეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მერი შენგელაიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.