ილია მეორე:  ღმერთმა ინებოს ქრისტიანთა გაერთიანება ჭეშმარიტი რწმენის საფუძველზე

ილია მეორე: ღმერთმა ინებოს ქრისტიანთა გაერთიანება ჭეშმარიტი რწმენის საფუძველზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის განცხადებით, მცხეთა საქართველოს ძველ დედაქალაქთან ერთად დღემდე ქვეყნის უცვლელი სულიერი ცენტრია.

ამის შესახებ ილია მეორემ რომის პაპთან ფრანციკსე პირველთან შეხვედრაზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ბრძანა.

ილია მეორეს თქმით, ცხეთა და მისი შემოგარენი ისეა გაშენებული, რომ მეორე იერუსალიმის განცდას ქმნის.

"კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის უძველეს და უმნიშვნელოვანეს ტაძარში, სვეტიცხოველში, სადაც განსაკუთრებული სიწმინდეები განისვენებს. აქ არის ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთ პირველ წმინდანთან, სიდონიასთან, ერთად არის დაფლული",- მიმართა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარმა რომის პაპს.

პატრიარქმა სიტყვით გამოსვლისას ძველ მოძღვართა დარიგება გაიხსენა.

"მართალთა ლოცვა ცვლის თვით ბუნების კანონებს და არის ხილული და უხილავი მტრების ისართაგან დამცავი საიმედო ფარი. ამასთან, იგი აჩერებს ყოვლისმპყრობელი ღვთის მარჯვენასაც, ცოდვილთა დასასჯელად აღმართულს. ჭეშმარიტი რწმენა, თავმდაბლობა, სინანული და მოწყალება არის გადარჩენის მოკლე გზა.

ვფიქრობ, კაცობრიობას დღეს ყველაზე მეტად ამის დეფიციტი აქვს და ჩვენც - მათ შორის, მაგრამ დიდია მოწყალება ღვთისა. იგი მოთმინებით ელოდება მისკენ გადადგმულ ჩვენს ნაბიჯებს. მთავარია, უფალმა ადამიანთა სწორად განმსჯელი, მონანული და მლოცველი გული დაინახოს და ყველაფერი სულ სხვა სახეს მიიღებს. ამიტომაც, მუდამ და ახლაც, ვთხოვ შემომქმედს, ყველას მოგვცეს მადლი საკუთარი თავის შეცნობისა, განწმენდისა და ჭეშმარიტების გზით სვლისა. ინებოს ღმერთმა ქრისტიანთა გაერთიანება ჭეშმარიტი რწმენის საფუძველზე, ამინ"- ბრძანა უწმინდესმა.