ერთი კვირა გვაშორებს ზუსტად იმ დღეს, როცა საქართველომ უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ჩვენთვის ადამიანის ღირსება უზენაესი

ერთი კვირა გვაშორებს ზუსტად იმ დღეს, როცა საქართველომ უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ჩვენთვის ადამიანის ღირსება უზენაესი

„საქართველო არ დაწყებულა დღეს და არც ოთხ წელიწადში დამთავრდება, ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს! საქართველო არის ყველაზე დიდი და უზენაესი და ქართველი ადამიანი – საქართველოს მკვიდრი არის ჩვენთვის ყველაზე მაღალი ფასეულობა. სწორედ ამ ფასეულობას გავუფრთხილდებით თვალისჩინივით და ამას გპირდებით უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიდუბის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც დიდუბელ ამომრჩეველს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები – ზაზა პაპუაშვილი და ილია წულაია წარუდგინა.

გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს 1 ოქტომბრის თარიღი მიულოცა. მისი თქმით, ქართველ ხალხთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული გმირული ნაბიჯი გახდა საფუძველი გამარჯვებისა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ქვეყნის ბედი.

„ერთი კვირა გვაშორებს ზუსტად იმ დღეს, როცა საქართველომ უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე: არის თუ არა ჩვენთვის ადამიანის ღირსება უზენაესი? არის თუ არა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ სიყვარულით ვიცხოვროთ და დავასრულოთ სიძულვილი, დაპირისპირება? ეს ყველაფერი 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა მოიტანა და მე გილოცავთ იმ დიდი გამარჯვებიდან 4 წლის იუბილეს! ზუსტად 5 წლის წინ, შემოდგომაზე, ქართველ ხალხთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული, მართლაც, გმირული ნაბიჯი გახდა საფუძველი იმ გამარჯვებისა, რომელმაც საქართველოში სრულიად შეცვალა პოლიტიკური ამინდი. დღეს ხედავთ თქვენ როგორია წინასაარჩევნო კამპანია, არავის ვერჩით. აღარ არის ქუჩებში ადამიანების სიკვდილამდე მიყვანა ცემით, აღარ არის ბიზნესზე ზეწოლა და ადამიანებს არ აქვთ შიში, როდესაც დილით სახლიდან გამოდიან. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში გადავწყვიტეთ ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიც არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა ჯანდაცვა. როგორიც არის სოფლის მეურნეობის განვითარება. დღეს ბევრი ახალგაზრდა უბრუნდება სოფელს და იწყებს საკუთარ საქმეს. სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად დღეს უზრუნველყოფილია მეტი სტაბილურობა ქვეყანაში,“ – აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობისკენ. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, თითოეული ამომრჩევლის ხმა არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი.

„მინდა, კიდევ ერთხელ გთხოვოთ, როგორც პირველ რიგში თქვენმა მეგობარმა, რომ 8 ოქტომბერს ყველა ჩვენგანი მივიდეთ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება. 8 ოქტომბერს წყდება, თუ რას ირჩევს საქართველოს მოსახლეობა. 8 ოქტომბერს წყდება, თუ რა ფასეულობები არის მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მთავარია თითოეული ადამიანის ღირსება და ის რომ, საქართველოში აღარ იყოს უდანაშაულოდ დაჩაგრული ადამიანი; ის რომ, საქართველოში არცერთი ბავშვის ცრემლი არ დაიღვაროს; ის რომ, საქართველო კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს. ჩვენ გვაქვს ქვეყნის დიდი აღმშენებლობის ამბიციური გეგმები, ამიტომ, გვჭირდება თქვენი მანდატი. ჩვენ არ გვჭირდება გაყალბებული არჩევნები, ჩვენ გვჭირდება გულით მოცემული ხმები. ჩვენ გვჭირდება ჭეშმარიტი ნდობა იმისათვის, რომ ეს ნდობა ღირსეულად მივიტანოთ 2020 წლამდე და გავამართლოთ იგი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.