კალაძის თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება პირველ ოქტომბერს დაწყებული დემოკრატიული გზის გაგრძელებას ნიშნავს

კალაძის თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება პირველ ოქტომბერს დაწყებული დემოკრატიული გზის გაგრძელებას ნიშნავს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება პირველ ოქტომბერს დაწყებული დემოკრატიული გზის გაგრძელებას ნიშნავს.

ამის შესახებ კალაძემ დიდუბის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც დიდუბელ ამომრჩეველს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ზაზა პაპუაშვილი და ილია წულაია წარუდგინეს.

სიტყვით გამოსვლისას კალაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი დღე სიმბოლურია, რადგან  4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არჩევნების,  დემოკრატიული გზით მოვიდა.

„ძალიან მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ, ამდენ თანამოაზრეს, მხარდამჭერს. პირველი, რაც მინდა გთხოვოთ ყველას, ეს არის ის, რომ 8 ოქტომბერს უნდა გავერთიანდეთ. ყველაფერი უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენთაგანმა იმისთვის, რომ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ახლობლებს, ყველას მოვკიდოთ ხელი და მივიყვანოთ საარჩევნო ყუთებთან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი წარმატება, ჩვენი გამარჯვება. ეს არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“, მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება. პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება 8 ოქტომბრის არჩევნებში ნიშნავს იმ დემოკრატიული გზის გაგრძელებას, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2012 წლის 1 ოქტომბერს დავიწყეთ. დღეს სიმბოლურია, რომ  ჩვენ ყველა აქ  შევიკრიბეთ. დღეს 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ არჩევნების გზით, დემოკრატიული გზით, როგორც ეს  ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, მოვედით ხელისუფლებაში“, - აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

კახა კალაძის თქმითვე, „ქართული ოცნების“ გუნდი არავის მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ  მშვიდობიანი გზით მოპოვებული თავისუფლება ისევ ძალადობის რეჟიმში გადაიყვანოს.

„დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაღაც გარკვეული რევოლუციების მოწყობა უნდათ გარკვეულ ჯგუფებს. მე მინდა დაგამშვიდოთ ყველა,  რომ არავის არაფერი არ გამოუვა. ეს დრო ჩაბარდა წარსულს. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ  მშვიდობიანი გზით მოპოვებული თავისუფლება ისევ ძალადობის რეჟიმში გადაიყვანონ. ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში დააბრუნონ მოძალადეები, ქვეყანაში დააბრუნონ ის ადამიანები,ვინც ძალადობდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. არასდროს არ დაბრუნდება საქართველოში ის დრო, ის ხელისუფლებები, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებზე იძალადებენ. ჩვენი მთავარი მონაპოვარი ეს არის თავისუფლება“, - განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს  ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა.

„ზუსტად პარტია „ქართული ოცნება“, ჩვენი ლიდერის, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით არის ის ერთადერთი უალტერნატივო ძალა ქვეყანაში , ვისაც შეუძლია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ, ჩვენი ერთად დგომით, ჩვენი ერთსულოვნებით, დარწმუნებული ვართ იმაში, რომ  შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას თქვენთან ერთად. მთავარია ვიყოთ ერთად, როგორც დღემდე. ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი სიმტკიცით  ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას . მინდა გისურვოთ წარმატებები და მინდა გისურვოთ, რომ ყოველი დილა, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი თითოეული ჩვენგანისთვის“, - დასძინა პარტიის გენერალურმა მდივანმა.