გიორგი კვირიკაშვილი:  დღეს აღარ არის თავქარიანი პოლიტიკოსების დრო

გიორგი კვირიკაშვილი: დღეს აღარ არის თავქარიანი პოლიტიკოსების დრო

დღეს აღარ არის თავქარიანი პოლიტიკოსების დრო, დღეს არის სტაბილურად, მაგრამ სწრაფად საქართველოს წინსვლის დრო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდუბის ოლქის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ”ქართულ ოცნებას” აქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო.

”დღეს სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად უზრუნველყოფილია მეტი სტაბილურობა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, რჩება ოკუპაციის პრობლემა და ჩვენ არ ვართ ბედნიერი იმით რაც არის, მაგრამ ერთი რამის თქმა შეგვიძლია, რომ დღეს აღარ არის თავქარიანი პოლიტიკოსების დრო, დღეს არის სტაბილურად, მაგრამ სწრაფად საქართველოს წინსვლის დრო. დღეს არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა, განვითარებული ინფრასტრუქტურით, განვითარებული განათლების სისტემით, მმართველობის სისტემით, უფრო სწრაფად მზარდი ეკონომიკით ნამდვილად ისეთ ქვეყნად, სადაც თითოეულ ჩვენგანს გაუხარდება ცხოვრება. ამ გეგმით ვცხოვრობთ, ვცოცხლობთ, ვსუნთქავთ, ვათენებთ და ვაღამებთ, რადგან ვიცით, რომ ეს არის რეალობა. ეს არის სიყვარულზე, პატრიოტიზმზე, ქვეყნისა და ადამიანის სიყვარულზე აგებული გეგმა”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.