ევროპის სასამართლოში ვისურვებდი, რომ მოსამართლის უფლებამოსილების ვადის დამთავრებამდე საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, ღირსეული კანდიდატით წარსდგეს ევროპის სასამართლოში, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოფიციალური ინფორმაცია თუ რა ხდება მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით არ აქვს. ნინო გვენეტაძის განცხადებით, პრეცენდენტი წარდგენილ მოსამართლეებზე უარის თქმის არ ყოფილა.
„ამ რანგში საკითხის დასმა, პრეცენდენტი ყოფილა თუ არა? ალბათ არ ყოფილა, მაგრამ ეს არის მათი პროცედურა, ეს პროცედურები უფრო და უფრო რთულდება ევროპის სასამართლოში, ამ დეტალებზე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია“, - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
ევა გოცირიძე, გიორგი ბადაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად წარადგინა. ერთ-ერთი ვერსიით მათ უარი ეთქვათ სტრასბურგის მოსამართლეობაზე, ერთი ვერსიით კი კენჭისყრა გადაიდო.