რუსთავში ალკოჰოლური სასმელების საწარმო აშენდება

რუსთავში ალკოჰოლური სასმელების საწარმო აშენდება

შპს „ქართული არყის კომპანია“ ქალაქ რუსთავში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. საწარმოს ასაშენებლად კომპანია სულ მცირე 650 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და მინიმუმ 20 ადამიანს დაასაქმებს. პირველ ეტაპზე საწარმო 2 000 000 ბოთლი, 0,5 ლიტრი მოცულობის, არყის რეალიზაციას გეგმავს. მეორე ეტაპზე, გახსნიდან 3–5 წელიწადში იგეგმება მეზობელი ქვეყნებისა და ეკონომიკური პარტნიორების ბაზრების ათვისება – უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია. აღნიშნულ ბაზრებზე კომპანია 3 000 000 – 4 000 000 ბოთლი არყის რეალიზებას გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ქართული არყის კომპანიას“  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 75 000 ლარად გადასცა.