კასპში მდებარე მაღალტექნოლოგიური, მიკრობიოლოგიური საწარმო „ჯეოფერტი“ დაათვალიერა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „ჯეოფერტი“ ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიულ, ორგანო-მინერალურ სასუქებს აწარმოებს.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საწარმოში 120 ადამიანია დასაქმებული და ცოტა ხანში სამუშაო ადგილების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება.
„ჯეოფერტის“ საწარმო 12 000 კვ.მ. ტერიტორიაზე 8 თვეში აშენდა. კომპანიის წარმომადგენლების განცახდებით, ყველა ძირითადი მანქანა-დანადგარი და საწარმოო ხაზი საქართველოში დამზადდა. მათივე ინფორმაციით, კასპის რაიონში ქარხნის მშენებლობა განპირობებულია ახლოს მდებარე უნიკალური, ბუნებრივი მინერალის, თეძამის ცეოლითის საბადოს არსებობით, რომელიც ბაქტერიული სასუქის ერთ-ერთ ინგრიდიენტს წარმოადგენს. თეძამის ბუნებრივი, მინერალი ცეოლითი თავისი ხარისხობრივი და დადებითი მაჩვენებლებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
საწარმო აღჭურვილია ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით და საწარმოო ხაზებით, რომელთა მეშვეობითაც კომპანიას შეუძლია აწარმოოს მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. წარმოებაში მიმდინარე ყველა ტექნოლოგიური პროცესები სრულიად ავტომატიზირებულია, ნედლეულის მიწოდება-გადამუშავებიდან საბოლოო პროდუქციის მიღებამდე.
საწარმოს შექმნისთვის გრძელვადიანი სესხი 5 600 000 აშშ დოლარის ოდენობით „ქართუ ბანკმა“ გასცა. „ჯეოფერტის“ პროდუქცია ორიენტირებულია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.