ხელისუფლებას უხარია, რომ ჰყავს პოლიტიკურად გაკოტრებული ოპონენტი, რომელსაც თავში არასწორი აზრები უქრის

ხელისუფლებას უხარია, რომ ჰყავს პოლიტიკურად გაკოტრებული ოპონენტი, რომელსაც თავში არასწორი აზრები უქრის

ხელისუფლებას უხარია, რომ ჰყავს პოლიტიკურად გაკოტრებული ოპონენტი, რომელსაც თავში არასწორი აზრები უქრის და ამის ფონზე ცდილობს ამომრჩევლის დაზაფვრას და მობილიზებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ”კურიერის” ეთერში განაცხადა.

”ჩემი რეაქცია, პირველ რიგში, გამოიწვია იმ ფორმატმა, როგორც მოგვეწოდა ინფორმაცია. ის პირველი განცხადება, რაც გავრცელდა, ჩემი აზრით, შოკისმომგვრელი იყო. ერთი მხრივ, იარაღის რაოდენობის აღმოჩენის ფაქტია გამაოგნებელი, მაგრამ ამაზე უფრო სერიოზული და დასაფიქრებელია, როდის და როგორ კეთდება ასეთი თემების საზოგადოებისთვის მიწოდება. შს მინისტრმა გვითხრა ეს იარაღი სამალავებში ჩადებული იყო 2009-2011 წლებში და რომ მათი ამოღება სხვადასხვა დროს ხდებოდა. სხვადასხვა დროს ამოღებული იარაღები, რომლებიც შემდეგ ექსპერტიზაზე იგზავნებოდა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გახდა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, თან გვეუბნებიან არჩევნები არაფერ შუაშია. გამაოგნა იმან, რომ ასე უდიერად ვეპყრობით ადამინებს. საკუთარ მოსახლეობას და გვგონია, რომ ადამიანები ვერ დააკავშირებენ რამდენიმე ფაქტს და ვერ გამოიტანენ საკუთარ დასკვნას. კითხვები არსებობს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე გასაოცარი არის ის, რომ როგორც შსს-ში ამბობენ, რამდენიმე ადგილას იარაღი სრულიად მშვიდად ამოიღეს და შეინახეს, იმ ფონზე, როცა კეთდება განცხადებები რევოლუციის მოწყობის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ასე არ შეიძლება.

კითხვაზე, ეს ყველაფერი დესტაბილიზაციისთვის მზადება არის, თუ ხელისუფლების პიარკამპანია, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ საქმე გვაქვს ორ ”შემხვედრ დინებასთან და ინტერესთა თანხვედრასთან”.

”არ მჭირდება არანაირი აუდიო და ვიდეო ჩანაწერი, რომ ჩემთვის მქონდეს ძალიან მყარი არგუმენტი იმისა, რომ ერთი კაცი, მიხეილ სააკაშვილი ზის სადღაც და თვლის იმ ვარიანტებს, შესაძლებლობებს, მიწოლის, მოწოლის, გვირაბის, რაღაც ვერსიებს, რომ ხელისუფლებას მიუახლოვდეს ხვალვე. ეს არის მისი სურვილი, გეგმა, პოლიტიკური კრედო და ეს ჩვენ ვიცით. ამასობაში მან ძალიან კარგად იცის, რომ დემოკრატიული არჩევნების შემთხვევაში მისი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. ამიტომ რა თქმა უნდა ახლა ის ფიქრობს სიტუაციის გამწვავებაზე, ვითარების გამოყენებაზე სასარგებლოდ, მაგრამ არის მეორე ნაწილი. ამ დროს ხელისუფლებას, მგონია, რომ უხარია ეს ამბავი და სააკაშვილი თუ ორს იტყვის, მესამეს და მეოთხეს თვითონ ამატებს, კეთილისმყოფელი რომ არის ქვეყნის, სადღაც რომ ზის და ინტერნეტში რომ ტვირთავს ხოლმე ვიდეოებს, ან აუდიოჩანაწერებს, ამ სამალავების არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელებით, ამ გზით ხელისუფლებას უხარია, რომ ჰყავს ასეთი პოლიტიკურად გაკოტრებული ოპონენტი, რომელსაც თავში არასწორი აზრები უქრის და ამის ფონზე ხელისუფლება ცდილობს ამომრჩევლის დაზაფვრას და მობილიზებას”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ამ დროს ამ ქვეყნის ისეთმა მოქალაქეებმა, რომლებსაც პოლიტიკა სხვანაირად წარმოუდგენიათ, ორივე მათგანს უნდა უთხრას, რომ მათ თამაშებში არ ჩაერთვებიან.

”ხელისუფლებას აქ უხარია, რომ სააკაშვილი იქ ლაპარაკობს სისულელეებს, და სააკაშვილს იქ უხარია, რომ ხელისუფლება აქ აკეთებს სისულელეებს და ვიყოთ ასე ყველანი მხიარულად. ყველაზე მეტად ის მაღელვებს, რომ ამ არასწორ პაექრობას ეწირება სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა და ავტორიტეტი”, - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.