გავთავისუფლდეთ წინასწარ შექმნილი მოლოდინებისგან და სირთულეები ნუ დაგვაბრკოლებს

გავთავისუფლდეთ წინასწარ შექმნილი მოლოდინებისგან და სირთულეები ნუ დაგვაბრკოლებს

გავთავისუფლდეთ წინასწარ შექმნილი მოლოდინებისგან და გავეხსნათ ღმერთის მარადიულ სიახლეს, სირთულეები ნუ დაგვაბრკოლებს, - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, უწმინდესის პირველი ისტორიული ვიზიტით ვატიკანში ორ ეკლესიას შორის ურთიერთობები განვითარდა და გაძლიერდა. ”თქვენო უწმინდესობავ, მაშინ, როცა თქვენ აღასრულეთ პატრიარქის პირველი ისტორიული ვიზიტი ვატიკანში, თქვენ და რომის ეპისკოპოსმა, მშვიდობის ამბორი მიაგეთ ერთურთს და შეჰპირდით, რომ ილოცებდით ერთმანეთისთვის. ამგვარად გაძლიერდა ის მნიშვნელოვანი კავშირები, რომლებიც ჩვენს შორის არსებობდა ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან. ეს კავშირები განვითარდა და კვლავაც რჩება ურთიერთპატივისცემისა და გულითად ურთიერთობად, ამის ნათელი დასტურია აქ ჩემი წარმოგზავნილებისა თუ წარმომადგენლების თბილი მიღება. ქართველ მართლმადიდებელთა მიერ გაწეული სასწავლო და კვლევითი საქმიანობა ვატიკანის არქივებსა თუ პონთიფიკალურ სასწავლებლებში, მართლმადიდებლური საკრებულოს არსებობა რომში ჩემი ეპარქიის ერთ-ერთ ეკლესიაში და ადგილობრივ კათოლიკურ საკრებულოსთან თანამშრომლობა. განსაკუთრებით კულტურის სფეროში”, - განაცხადა პაპმა.

ფრანცისკემ სიტყვით გამოსვლისას შოთა რუსთაველის, გალაკტიონ ტაბიძის პოეზიიდან მოიყვანა ციტატები და ქართულ კულტურაზე ისაუბრა.

”უძვირფასესო ძმაო, სახარებამ დღესაც რომ გამოიღოს ნაყოფი, მოგვეთხოვება კიდევ უფრო განვმტკიცდეთ უფალში და ჩვენს ერთობაში. დაე, თქვენი ქვეყნის მრავალრიცხოვან წმინდანთა დასმა გაგვაძლიეროს და განვავრცოთ იგი ისე, როგორც ამას წარსულში ვაკეთებდით და იმაზე მეტადაც კი. გავთავისუფლდეთ, წინასწარ შექმნილი მოლოდინებისგან და გავეხსნათ ღმერთის მარადიულ სიახლეს. სირთულეები ნუ დაგვაბრკოლებს, პირიქით, ვეცადოთ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, გავუზიაროთ ერთმანეთს რწმენის მაცოცხლებელი დვრიტა და კიდევ უფრო გავალიეროთ ერთურთისათვის ლოცვა და ვითანამშრომლოთ მოციქულეობრივი სიყვარულით, რათა ერთად დავამოწმოთ სახარება ზეცაში, უფლის სადიდებლად და მიწაზე, მშვიდობის მსახურებისათვის”, - აღნიშნა პაპმა.