"რუსთავი 2" "ნაციონალურ მოძრაობას" ვერ გადაარჩენს, ეს პარტია განწირულია - სოფო კილაძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოფო კილაძე აცხადებს, რომ "რუსთავი 2" "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურება.

მისი თქმით, "რუსთავი 2" და "ნაციონალური მოძრაობა" განუყოფელი ნაწილია. 

"რუსთავი 2" ცდილობდა, ვითომდა ობიექტური ტელევიზიის სახელის დამკვიდრებას, მაგრამ რალურად, ყველამ იცის და თავადაც აღარ მალავენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურებიან. 

ქართველი ხალხი არ არის ბრმა და სმენაც ძალიან კარგი აქვს, შესაბამისად, ყველამ ნახა ბიძინა ივანიშვილმა რა განცხადება გააკეთა და ამათ როგორ დაამახინჯეს და გადააკეთეს თავისი ინტერესების შესაბამისად. სახის შენარჩუნებისთვის კარგი იქნება, ოდნავ მაინც დაიცვან ჟურნალისტური სტანდარტები და სიცრუის ტირაჟირებას მუდმივ რეჟიმში ნუ ახდენენ, რაც მათთვისვე იქნება საზიანო. 

"რუსთავი 2" "ნაციონალურ მოძრაობას" ვერ გადაარჩენს, ეს პარტია უკვე საბოლოოდ, წაგებად არის განწირული და ვურჩევ, თავად მაინც შეუნარჩუნონ სახე. ეს ყველაფერი ისტერიაში გადადის და უკვე დაუფარავად ახდენენ სიცრუის ტირაჟირებას", - განუცხადა კილაძემ "პირWელს".

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნება" დიდი უმრავლესობით შევა პარლამენტში. 

"ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" დიდი უმრავლესობით შევა პარლამენტში. მე ძალიან აქტიურად ვარ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული, "ნაძალადევის რაიონშიც" ძალიან მაღალი რეიტინგი გვაქვს, ისევე როგორც ყველგან საქართველოში. 

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური აქცია ჩავატარეთ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შესაბამისად, ეს ყველაფერი, ხალხთან ურთიერთობა, მათი განწყობა მიუთითებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" მართლაც დიდი უმრავლესობით შევა პარლამენტში და მას ალტერნატივა უბრალოდ არ ჰყავს", - განაცხადა კილაძემ.