გიორგი პაპუაშვილი - საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ევროსასამართლოში წარდგენილ კანდიდატურათა სია დაიწუნეს

გიორგი პაპუაშვილი - საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ევროსასამართლოში წარდგენილ კანდიდატურათა სია დაიწუნეს

საქართველოს ისტორიაში მოხდა პირველად, როცა ევროსასამართლოში წარდგენილ კანდიდატურათა სია დაიწუნეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი პაპუაშვილმა განუცხადა.

მან დღეს ისიც აღნიშნა, რომ თავის დროზე უშუალოდ მისი კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმა, პიროვნული რევანშით იყო გამოწვეული. 

”წყენები, რაც წარსულში იყო დავივიწყოთ. მე უფრო პოზიტიურად ვარ განწყობილი. რა თქმა უნდა, ჩემი დასჯა იყო ის, რომ ხუთეულშიც ვერ მოვხვდი. ეს საერთაშორისო და ქართველ ექსპერტებს უკვირდათ, მაგრამ ალბათ პიროვნული რევანში იყო, მაგრამ დავივიწყოთ - ყველაფერი გამოსწორებადია. უბრალოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ ქვეყნის პრესტიჟი დადგა. საქართველოს ისტორიაში მოხდა პირველად, რომ სია არის დაწუნებული. ეს არის სამწუხარო”, - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.

”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. კომიტეტი საქართველოს მიერ წარდგენილ სიას სავარაუდოდ, უკან დააბრუნებს და ახალი შემადგენლობის დასახელებას მოითხოვს.

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს მთავრობამ ევა გოცირიძის, ალექსანდრე ბარამიძის და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები წარადგინა.