გიორგი პაპუაშვილი - სასამართლომ შესძლო პრინციპიულ საკითხებზე ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც კონსტიტუციას შეესაბამებოდა

გიორგი პაპუაშვილი - სასამართლომ შესძლო პრინციპიულ საკითხებზე ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც კონსტიტუციას შეესაბამებოდა

საკონსტუტუციო სასამართლოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის შეფასებით, სასამართლომ ბოლო 10-წლის განმავლობაში ძალიან მაღალი კონსტიტუციური სტანდარტი დაამკვიდა, რაც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან იყო დაკავშირებული. 

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იდეალური იქნებოდა ყველაფერი ბოლომდე კარგად დასრულებულიყო, მაგრამ ის რაც მყიფე დემოკრატიის პირობებში გაკეთდა, ძალიან დასაფასებელია. 

”განსახილველი საკითხების უმრავლესობა შეიძლება საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო, რადგან უფრო იურისტებისა და უფლებადამცველთა ინტერესის საგანს წარმოადგენდა. ამავე დროს იყო საკითხები, სადაც პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსებიც იყვნენ ჩართული და ეს უფრო ცნობილი იყო საზოგადოებისთვის. სწორედ ეს არის მსოფლიო პრაქტიკა. ამ დროს ხდება სასამართლოს ტესტირება, თუ რამდენად შესძლებს ის პოლიტიკური წნხის მიუხედავად, მიიღოს თავისუფალი, მოუკერძოებელი და კომპეტენტური გადაწყვეტილება. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ტესტს გაუძლო. სწორედ ამის გამო მოხდა ის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რეგიონში გამორჩეული და ლიდერია. იგი არჩეული იყო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოს კონფერენციის თავმჯდომარედ - ბათუმი გახდა ევროპული საკონსტიტუციო სასამართლოების დედაქალაქი”, - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა. 

პაპუაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში იყო ხარვეზები, საკონსტიტუციო სასამართლომ მაქსიმუმი გააკეთა. მისი თქმით, მყიფე დემოკრატიის პირობებში, ის რაც გაკეთდა, ძალიან დასაფასებელია. 

”რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა, ყველაფერი ბოლომდე კარგად დასრულებული. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მაქსიმალურად ვცდილობდი, სასამართლო დამეცვა ზეგავლენებისგან. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო როგორ თითოეულ მოსამართლეს, ასევე არასამთავრობო და საერთაშორსიო ორგანიზაციების წარმომადგნლებს, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებდით იმ ზეწოლის, წნეხის გაძლებას, რასაც ამ პერიოდში ჰქონდა ადგილი, თუმცა საბოლოო ჯამში, სასამართლომ შესძლო პრინციპიულ საკითხებზე ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც კონსტიტუციას შეესაბამებოდა”, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. მათ შორის არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი. პაპუაშვილთან ერთად დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობას დაასრულებს ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა და კონსტანტინე ვარძელაშვილი.