გიორგი მარგველაშვილი - დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ვატიკანის მტკიცე მხარდაჭერას

გიორგი მარგველაშვილი - დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ვატიკანის მტკიცე მხარდაჭერას

დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ვატიკანის მტკიცე მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რომის პაპთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორე, რადგან მისი თანადგომით მოხერხდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტის განხორციელება. 

”უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას, რომის პაპს, ფრანცისკეს, საქართველოში ჩამობრძანებისათვის. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს. სწორედ მისი თანადგომითა და შეწევნით მოხერხდა ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანესი ვიზიტის განხორციელება. 

საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურს, რაც მიუთითებს ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობებზე. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ვატიკანის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ გვახსოვს ეს თანადგომა როგორც მშვიდობის, ასევე განსაცდელის პირობებშიც, მათ შორის 2008 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს. 

თქვენო უწმინდესობავ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს საქართველოსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი გავა, თუმცა გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. 

”მომავალ წელს ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელს ვიზეიმებთ, თუმცა ჩვენი ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. პირველი ვიზიტი ვატიკანიდან საქართველოში ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გაიმართა და მას შემდგომ ჩვენს შორის კულტურული და პოლიტიკური კავშირები ღრმავდება. 

სიმბოლურია, რომ პირველი ქართული ბეჭდური წიგნი 1629 წელს რომში გამოიცა, კათოლიკე მისიონერების მიერ. ეს იყო ქართულ-იტალიური ლექსიკონი და ქართული ანბანი, რომელიც ერთ-ერთია მსოფლიოს 14 ძირითად დამწერლობათა შორის. ასევე მე-17 საუკუნეში კათოლიკე მისიონერთა დახმარებით გამოიცა ქართული მეცნიერული გრამატიკა. 

საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სულხან-საბა ორბელიანის მისიას ევროპაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე და კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფება”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.