როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის შუახევის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, მარინა მახარაძემ განუცხადა, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება 30 თანამოაზრესთან ერთად დღეს მიიღო.
მარინა მახარაძე პარტიის დატოვების კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ პარტიაში იყო რიგი საკითხები, რომლებიც მასთან და მის თანამოაზრეებთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.
მახარაძის თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვება სხვა პარტიაში გადასვლას არ უკავშირდება.
„პარტიის დატოვების შესახებ დიდი ხანია ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება 30 წევრთან ერთად დღეს მივიღე. გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვაცნობე პარტიას წერილობით. მიზეზებზე დეტალურად საუბარს არ ვაპირებ, მაგრამ პარტიაში იყო საკითხები, რომელიც ჩვენს შეხედულებებთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. 2007 წლიდან ვიყავი „რესპუბლიკურ პარტიაში“ და ძალიან მძიმე და ამავდროულად რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ რიგი საკითხები შეუთავსებლობაში იყო ჩვენთან. არჩევნების მერე უკვე აღარც ღირდა ამაზე საუბარი და ვიფიქრეთ, რომ ახლა ჯობდა პარტიის დატოვება“, - აღნიშნა მარინა მახარაძემ.
მისივე განმარტებით, დღეს მასთან ერთად პარტია დატოვეს „რესპუბლიკური პარტიის“ შუახევის ორგანიზაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, რომან ხიმშიაშვილმა, კომიტეტების წევრებმა - მიხეილ დავითაძემ, გელა მიქელაძემ, თამუნა დუმბაძემ, რევაზ ჯაფარიძემ და კიდევ 24-მა წევრმა.