თინა ხიდაშელი - პორტირებული ზომბები, რომლებიც უკვე 20 წელია პარტიიდან პარტიაში დადიან, სირცხვილია 2012 წელს გამარჯვებული ძალისთვის

თინა ხიდაშელი - პორტირებული ზომბები, რომლებიც უკვე 20 წელია პარტიიდან პარტიაში დადიან, სირცხვილია 2012 წელს გამარჯვებული ძალისთვის

მე ვარ 100%-ით დარწმუნებული, რომ არჩევნების შედეგად პირველ ადგილზე გავა ”ქართული ოცნება”, ასევე მგონია, რომ 5-6 პარტია გადალახავს საარჩევნო ბარიერს, - ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. 

ხიდაშელმა პარლამენტში მინიმუმ 100 მანდატის მოპოვების შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები „მიშა სააკაშვილის სტილს“ შეადარა.

„დიახ, პირველ ადგილზე გავა ”ქართული ოცნება”. მაგრამ ”ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ ”ბოლშევიკები” ვართო. ასე თქვა მათმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და ასე თქვა მათი პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა, როდესაც მათ ისაუბრეს 100 და მეტ მანდატზე. ეს არის ”ბოლშევიზმი”. საქართველოში ”ბოლშევიზმის” რესურსი არ არის და ამიტომ სჭირდებათ ეს პანიკა და ისტერიკა. საქართველოს ბოლშევიზმის რესურსი აქვს, არ ჰქონია და არ ექნება”, - განაცხადა ხიდაშელმა. 

კითხვაზე, ვინ წარმოუდგენია მომავალ პარლამენტში იმისათვის, რომ იყოს მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანო, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ არჩევნებამდე 8 დღით ადრე ამ კითხვაზე პასუხი პოლიტიკოსების ხელში აღარ არის და პასუხი უკვე მოსახლეობის ხელშია. 

”მე მაინც მგონია, რომ 5-6 პარტია გადალახავს საარჩევნო ბარიერს და ეს პარლამენტი ამ თვალსაზრისით საინტერესო იქნება. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ კვალიფიკაციით იქნება საინტერესო, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, იმ პარტიამ, რომელზეც ვფიქრობ, რომ პირველ ადგილზე გავა, ძალიან არაკვალიფიციური საარჩევნო სია შემოგვთავაზა. კიდევ უფრო კატასტროფაა მათი მაჟორიტარული შემადგენლობა. უბრალოდ სამარცხვინოა უდიდეს ნაწილში, ყველას არ ვგულისხმობ, პორტირებული ზომბები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში დადიან უკვე 20 წელია - ეს სირცხვილია 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს გამარჯვებული ძალისთვის. მაგრამ ეს მათი არჩევანია და ახლა უკვე ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი”, -განაცხადა ხიდაშელმა.