დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს, როგორც ეს სურს "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გლდანში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
უსუფაშვილმა შეხვედრა „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატ კახა სვანაძესთან ერთად გამართა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ 8 ოქტომბერს არჩევანი იქნება ქვეყნის სასიკეთო.
"ვხედავთ მოსახლეობის, ერთის მხრივ, უკმაყოფილებას, იმიტომ რომ ელოდნენ ამ ოთხ წელიწადში გაცილებით მეტს, მეორეს მხრივ კი ვხედავთ იმას, რომ მათ იმედი აქვთ უკეთესი მომავლის. ჩივიან იმაზე, რომ არჩევანის გაკეთება ზოგჯერ ჭირს, რადგან ბევრი პოლიტიკოსია, მაგრამ მე მგონია 8 ოქტომბერს არჩევანი იქნება ქვეყნისთვის სასიკეთო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს, როგორც ეს სურს "ქართულ ოცნებას". მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვერ და არ მივიღებთ ორ პარტიას, ერთმანეთთან დარჩენილს, როგორც ეს სურს უკვე ერთად "ოცნებას" და "ნაციონალებს", დარწმუნებული ვარ ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, რომელშიც გაკეთდება საქმე და რომელიც არ იქნება თავშესაფარი ადამიანების, რომლებმაც სხვა საქმე მოილიეს ან არ აინტერესებთ პოლიტიკა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.