თუ საკონსტიტუციო სასამართლო საქმეებზე გადაწყვეტილებას დღეს ან ხვალ არ გამოაცხადებს, მათი განხილვა პლენუმის ახალმა შემადგენლობამ შესაძლოა თავიდან დაიწყოს

თუ საკონსტიტუციო სასამართლო საქმეებზე გადაწყვეტილებას დღეს ან ხვალ არ გამოაცხადებს, მათი განხილვა პლენუმის ახალმა შემადგენლობამ შესაძლოა თავიდან დაიწყოს

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დასრულებულ საქმეებზე, მათ შორის გიგი უგულავას, კაბელებისა და „რუსთავი 2“-ის საქმეებზე, გადაწყვეტილებების გამოცხადებას 30 სექტემბრის ჩათვლით ვერ შეძლებს, შესაძლოა, საქმეების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა შემადგენლობამ თავიდან დაიწყოს.

როგორც ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ განუცხადა, ფიცის დადების შემდეგ მოსამართლეები იმსჯელებენ, რამდენად არის საჭირო სათათბირო ოთახში გასულ საქმეებზე ახალი გარემოებების გამოკვლევა. 

მისი თქმით, ახალი შემადგენლობა ან ახლიდან ჩაატარებს განხილვას, ან გააგრძელებს საქმეებს იმ ეტაპიდან, რა ეტაპზეც იმყოფება.

„მას შემდეგ, რაც ახალი მოსამართლეები დადებენ ფიცს და პლენუმი შეუდგება უფლებამოსილებას ოფიციალურად, მოხდება გადაწყვეტილების მიღება რამდენად არის საჭირო ახალი ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევა, რომლებზეც სასამართლო ამ ეტაპზე იმყოფება სათათბირო ოთახში. შესაბამისად, მოსამართლეთა მიერ, საქმეების გაცნობის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად იქნება საჭირო, რიგ საქმეებზე არსებითი განხილვის ახლიდან ჩატარება და რიგ საქმეებზე გაგრძელება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა გიორგი ლომთაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ხვალ ეწურება. ამასთან, როგორც მოსამართლეები აცხადებენ, შესაძლოა, დღეს და ხვალ რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდეს.