ბიძინა ივანიშვილი - ფულს კვირიკაშვილი ციდან ვერ მოიტანს, საქართველოში სოციალური ფონი მძიმეა

ბიძინა ივანიშვილი - ფულს კვირიკაშვილი ციდან ვერ მოიტანს, საქართველოში სოციალური ფონი მძიმეა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით. საქართველოში სოციალური ფონი მძიმეა. თუმცა, როგორც ივანიშვილმა რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველთა და გაჭირვებულთა რაოდენობა შემცირდება. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ 3-4-ჯერ გაიზარდა სოციალური მიმართულებების დაფინანსება ახალი ხელისუფლების პირობებში. 

”სოციალური ფონი მძიმეა. 2012 წელს რომ გეკითხათ პრინციპულად შეიცვლება თუ არა სოციალური ფონი 2016 წელს, გეტყოდით რომ ვერა. თუმცა, ჯანდაცვის შესაძლებლობა გაჩნდა, ხალხი იხოცებოდა და ვერ მკურნალობდა. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაკეთდა, თუმცა ცოტაა. თუ მკითხავთ იქნება თუ არა 4 წლის შემდეგ სოციალურად დაუცველები და გაჭირვებულები? რა თქმა უნდა, იქნებიან, თუმცა იქნება ნაკლები. ტენდენცია იქნება შენარჩუნებული. ტემპები უნდა გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის. ეს არის ძალიან რეალური და ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი”, - განაცხადა ივანიშვილმა. 

რაც შეეხება სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის შესახებ შეკითხვას, ივანიშვილის თქმით, მეთოდიკა იცვლება. 
”ბიუჯეტის ანალიზი ჟურნალისტების და საზოგადოების დონეზე უნდა ვისწავლოთ. სამჯერ და ოთხჯერ გაიზარდა სოციალურ მიმართულებებზე ბიუჯეტი. საქართველოში ალბათ 1% თუ არ იტყვის უარს სოციალურ დახმარებაზე, იმდენად არ არის მაღალი ცხოვრების პირობები. მეთოდიკა იცვლება, იხვეწება. ფულს კვირიკაშვილი ციდან ვერ მოიტანს. ჩვენ ბიუჯეტის ანალიზი უნდა ვისწავლოთ”, - აღნიშნა ივანიშვილმა. 

მისივე თქმით, 2012 წელს სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ”ნაციონალურმა მოძრაობა” საარჩევნო ტრიუკის გამო ნახევარი მილიონით გაზარდა.