ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალებზე“ - ცდილობენ, გუნდის ნარჩენი მოვიდეს არჩევნებამდე, რომ იქნებ საოცრება მოხდეს და მათი მშიშარა ლიდერი მართლა ლიდერი გახდეს

ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალებზე“ - ცდილობენ, გუნდის ნარჩენი მოვიდეს არჩევნებამდე, რომ იქნებ საოცრება მოხდეს და მათი მშიშარა ლიდერი მართლა ლიდერი გახდეს

”ნაციონალური მოძრაობა” მშიშრების კომპლექტაციაა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში მოქმედ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რითაც ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ივანიშვილის განცხადებით, თუ ჩანაწერის ავთენტურობა დადგინდა, დადასტურდება ისიც, რომ ის თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა.

”ავთენტურობას რაც შეეხება, ამაზე დიდი კვლევები არ არის საჭირო და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ავთენტურია თუ არა. მათი განცხადებები ნახეთ და ერთ კონტექსტში ჯდება ეს ყველაფერი. ნახეთ, თუ გნებავთ მათი გაქცეული ლიდერის განცხადებები, რომ ეგზიტპოლი, რომელიც დაიდება ”რუსთავი 2”-ზე, იქნება ბოლო ჭეშმარიტება და თუ არადა, წარღვნის მსგავსი რაღაც მოხდება. მისი მეუღლის განცხადებაც გაიხსენეთ, რომ ისეთი მაგარია მიშა, ტუნელს გათხრის და ჩამოვა სოლოლაკამდე. მათი დამოკიდებულება ისედაც ჩანს, ჩანაწერის ავთენტურობა არაფერს ნიშნავს. იგივე პათოსია პრინციპში და მე მრავალჯერ მითქვამს. დაწყებული 2012 წლიდან ერთმანეთს ამაგრებდნენ, რომ გაზაფხულზე მოაწყობდნენ რევოლუციას, გაზაფხულზე არ გამოსდიოდათ და შემოდგომაზე და ა.შ. ამით ამაგრებდნენ და ამხნევებდნენ ერთმანეთს. არ იფიქროთ, რომ ეს კადრები მოპარულია, ჩემი წარმოდგენით, პროკურატურამ უარიც რომ თქვას ამ კადრების ავთენტურობაზე, თავად გამოვლენ და იტყვიან, რომ მართლა ილაპარაკეს”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” ამით რეკლამას იკეთებს, ვინაიდან სხვა არაფერი დარჩათ და ამით ამაგრებენ პოზიციას.

”ხელწერა ვერ შეიცვალეს, უნიჭოები აღმოჩნდნენ, არ აქვთ ამის რესურსი, ამაზევე სხედან. ქვების სროლით მოვიდნენ, ძალადობით იყვნენ ცნობილი. ეს ყველაფერი ერთ კონტექსტშია. ავთენტურობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა ცდილობენ, რომ გუნდის ნარჩენი მოვიდეს არჩევნებამდე და იქნებ საოცრებაც მოხდეს, რომ მათი მშიშარა ლიდერი გახდეს მართლა ლიდერი. მისმა ფოტომ მსოფლიო მოიარა, გორში გადაღებულმა. იქნებ მართლა დაძლიოს შიში მანაც და თავის თანამებრძოლებმაც, ”ნაციონალური მოძრაობა” მშიშრების კომპლექტაციაა და ამიტომაც არის ერთი გუნდი”, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, 9 დღეც მოითმინოს და ყველაფერი დასრულდება. 

”ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა 2012 წელს და ახლა ომი უნდა მოვიგოთ, პირობითად”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.