”ნაციონალური მოძრაობა“ 5 ოქტომბერს აქციას გამართავს

”ნაციონალური მოძრაობა“ 5 ოქტომბერს აქციას გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით აქციას 5 ოქტომბერს, 16.00 საათზე, ვარდების რევოლუციის მოედანზე გამართავს. 
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ნიკა მელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქცია იქნება მრავალათასიანი და ის მოიცავს როგორც „ვარდების რევოლუციის“ მოედანს, ასევე რუსთაველსა და „თავისუფლების მოედანს“. 

„აქცია იქნება მრავალათასიანი. ეს იქნება დასკვნითი კამპანიის შეხვედრა, სადაც უპრეცედენტოდ ხალხმრავალი აქცია გაიმართება, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე ინფორმაციით, მხარდამჭერებს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყველა რეგიონიდან ეპატიჟება. 
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, აქციასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ მერიის ინფორმირებას დღეს მოახდენს.

„დღეს სანქციაზე შევიტანთ ცნობას მერიაში. ჩვენ ვიცავთ კანონს და ეს იქნება 5 დღით ადრე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე ინფორმაციით, დასკვნითი აქციისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ 2 კვირაა, რაც ემზადება.