გიორგი კვირიკაშვილი - ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა არის ისტორიული მოვლენა

გიორგი კვირიკაშვილი - ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა არის ისტორიული მოვლენა

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა არის მართლაც ისტორიული მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა. 
„დღეს არის პირველი მთავრობის სხდომა მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, 25 წელია სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა ამ საკითხზე მუშაობა და ძალიან მახარებს, რომ სწორედ დღეს დასრულდა ეს პროცესი და სწორი მიდგომით, ძალიან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად მიღწეული იქნა ეს ძალიან დიდი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა არის მართლაც ისტორიული მოვლენა“,- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, გათვალისწინებულია ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყოს პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი - ლევილის ქართული აკადემია, სადაც იქნება ისტორიული სამუზეუმო სივრცე, საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, სამკითხველო და საკონფერენციო დარბაზი. 
„ამ აკადემიის ფარგლებში ქართველ მეცნიერებს ექნებათ საშუალება დაჰყონ იქ გარკვეული დრო, იქნება მკვლევარებისთვის, სტუდენტებისთვის, მხატვრებისთვის, მუსიკოსებისთვის განსაზღვრული სივრცე. მათ შორის საცხოვრებელი ოთახები, სადაც საშუალება იქნება, რომ დარჩნენ და იმუშავეონ. ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურული, მეცნიერული და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებისთვის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.