პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკს მაჟორიტარობის კანდიდატი 16 ოლქში არ ეყოლება

პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკს მაჟორიტარობის კანდიდატი 16 ოლქში არ ეყოლება

პაატა ბურჭულაძის საარჩევნო გაერთიანება ახალი პოლიტიკური ცენტრი ”გირჩის” 16-მა მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩის“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა დატოვეს და, შესაბამისად, „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბლოკს 16 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი არ ეყოლება.

”გუშინ გირჩმა დატოვა ბლოკი ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის”. ბლოკი ასევე დატოვეს „გირჩის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმაც. 16 კანდიდატი იყო 16 მაჟორიტარულ ოლქში. ისინი არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, ბლოკს ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” საქართველოს მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი არ ეყოლება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მას შესთავაზეს პაატა ბურჭულაძის პარტიაში დარჩენა, თუ ის მიიტანდა თანხას. ”შემოთავაზება იყო. ესწრებოდა 30 კაცი შეხვედრას და მე მითხრეს, რომ 1 საათის განმავლობაში უნდა მომეგვარებინა რაღაც პრობლემა და თუ ამ პრობლემას მოვაგვარებდი, „გირჩის“ წევრებს სიიდან ამოიღებდნენ და მე დამტოვებდნენ. მე გამოვედი შეხვედრიდან და გავარკვიე, რა იყო ეს პრობლემა. მე უნდა მიმეტანა კონკრეტული ფული”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

საბურთალოს #5-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან ჩოლოყაშვილმა კი აღნიშნა, რომ „გირჩი“ გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები „გირჩის“ რიგებში რჩებიან. ”ჩვენ ვართ ერთსულოვანი. „გირჩის“ გადაწყვეტილება საერთოა. ვაგრძელებთ პოლიტიკურ ცხოვრებას”, - განაცხადა ლევან ჩოლოყაშვილმა.

ზურაბ ჯაფარიძე ასევე გიორგი ვაშაძის მიერ პაატა ბურჭულაძის ბლოკში დარჩენას გამოეხმაურა. ”ვაშაძე მეორედ დარჩა იქ, საიდანაც მე წამოვედი”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.