მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერ პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ”გირჩის” დაფინანსებისა და მოქმედების სქემის შესახებ ინფორმაცია მათმა თანაგუნდელმა მიაწოდა.
როგორც ბურჭულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ”გირჩს” მოძრაობა დაეტოვებინა.
”მე არ ვარ ის ადამიანი, რომ ჭორაობაზე დავიწყო საუბარი და კინკლაობა. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ის თანხები მოდიოდა მთლიანად ბიძინა ივანიშვილისგან. მეტსაც გეტყვით, თანხების გარდა იქ იყო მთელი სქემა და თამაში, თუ როგორ შეიძლებოდა ჩვენს გარშემო ჩატარებულიყო ყველაფერი, რომელიც დროულად გაიშიფრა. ძალიან დროული იყო ჩემი გადაწყვეტილება”, - განაცხადა ბურჭულაძემ და დასძინა, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
გუშინ მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” პარტია ”გირჩმა” დატოვა. ახალი პოლიტიკური ცენტრის განცხადებით, ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობას პარტია აქტიურად გააგრძელებს.
"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით კი, "გირჩს" ბლოკი მან პირადად დაატოვებინა. როგორც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ "გირჩის" დაფინანსება გახდა.