გიორგი ვაშაძის მოძრაობა ”ახალი საქართველო” საარჩევნო ბლოკში ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ვაშაძემ და პაატა ბურჭულაძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
ბრიფინგამდე ვაშაძესა და ბურჭულაძეს შორის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისში კონსულტაციებიც გაიმართა. ბლოკის შემადგენლობაში ასევე რჩება ”ახალი მემარჯვენეები”.
პაატა ბურჭულაძის მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის“ „გირჩმა“ დატოვა. ახალი პოლიტიკური ცენტრის განცხადებით, ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობას პარტია აქტიურად გააგრძელებს.
"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით კი, "გირჩს" ბლოკი მან პირადად დაატოვებინა. როგორც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ "გირჩის" დაფინანსება გახდა.
ბურჭულაძის თქმით, მას არ სურს იყოს არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის სატელიტი.
"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ "გირჩი" ამოვიღო სიიდან. ორი საათის წინ დადასტურებულად გავიგე, რომ ეს პარტია არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული. მე ამას ვერ მივიღებ. ეს არის მიზეზი. მე ვერც სააკაშვილისგან მივიღებ თანხას", - განაცხადა გუშინ პაატა ბურჭულაძემ.