კახა კალაძე - გუშინ მოვისმინეთ ძალიან მძიმე შინაარსის განცხადებები, გაკოტრებული პოლიტიკური გუნდის ლიდერებისგან

კახა კალაძე - გუშინ მოვისმინეთ ძალიან მძიმე შინაარსის განცხადებები, გაკოტრებული პოლიტიკური გუნდის ლიდერებისგან

გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მძიმე შინაარსის განცხადებები, გაკოტრებული პოლიტიკური გუნდის ლიდერებისგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გამოქვეყნებული ჩანაწერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. 
კახა კალაძის თქმით, ჯერ უნდა დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა, თუმცა „ოპონენტ ლიდერებს უკვე ავთენტურობაც დადგენილი აქვთ და ექსპერტობაც შეთავსებული“. 
„რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს. დაიწყოს, დადგინდეს ავთენტურობა, თუმცა ოპონენტებიდან გარკვეულ ლიდერს უკვე ავთენტურობაც დადგენილი აქვთ, ექსპერტობაც შეთავსებული. ეს არის ძალიან მძიმე შინაარსის განცხადებები, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა. აქ არის საუბარი გადატრიალების შესახებ, აქ არის საუბარი კონკრეტული ტელევიზიის "რუსთავი 2"-ის შესახებ, რაც ძალიან მძიმეა - "რუსთავი 2"-ს იყენებენ იარაღად თავიანთი ბნელი ზრახვების განსახორციელებლად. რაც შეეხება შინაარსს, ეგიტპოლზე იყო საუბარი, "რუსთავი 2" გააკეთებს ისეთი კვლევის გამოქვეყნებას, რომელიც იქნება გაყალბებული, რომელსაც ატარებს თარხნიშვილი და მისი ცოლი. ეს ადამიანები ცნობილნი არიან როგორც გამყალბებლები, კვლევაში იქნება მოცემული პარტიების რეიტინგები, სადაც ალბათ "ნაციობალური მოძრაობა" გაუსწრებს "ქართულ ოცნებას" ან შეიძლება ცოტათი "ქართულმა ოცნებამ" გაუსწროს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნიადაგი მოამზადონ. შემდეგ, არჩევნების დღეს ეგზიტპოლები იქნება და რეალური შედეგი, რაც დაიდება, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით იმ განწყობებით და იმ დამოკიდებულებით, რაც საზოგადოებაში არის, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს და ჩვენი გუნდის გამარჯვება არის გარდაუვალი. ისინი ტელევიზიის საშუალებით ეცდებიან თქვან, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს არის სრული სურათი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაფიქრის“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 
მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია, რომელიც დაადგენს ჩანაწერის ავთენტურობას, თუ ვინ გაავრცელა და როგორ გაავრცელა.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონდეს სხვა ძალებს, მაგალითად, "ლეიბორისტულ პარტიას", კალაძის თქმით, შალვა ნათელაშვილი და მისი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტები არიან, თუმცა "ქარტული ოცნების" გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი გავრცელებულ ჩანაწერში არ ფიგურირებენ.
"შალვა ნათელაშვილი ზოგადად არის მიხეილ სააკაშვილის სატელიტი, ის შექმნილია, შეიძლება ითქვას, სააკაშვილის მიერ. ფინანსდება "ნაციონალური მოძრაობისგან", აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან. ეს არის რეალობა, თუმცა რაც შეეხება მის მონაწილეობას გადატრიალებაში, იმ საუბრებში, რაც იყო გავრცელებული, ნათელაშვილი არ ფიგურირებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.