ირაკლი ბათიაშვილი - მიხეილ სააკაშვილს გათვლა აქვს სროლაზე და არა კარვების დადგმაზე

ირაკლი ბათიაშვილი - მიხეილ სააკაშვილს გათვლა აქვს სროლაზე და არა კარვების დადგმაზე

მიხეილ სააკაშვილს გათვლა აქვს სროლაზე და არა კარვების დადგმაზე, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი ბათიაშვილი აცხადებს. 
როგორც ბათიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებიდან წასვლის დროს თადარიგი დაიჭირა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დიდი რაოდენობით შეიარაღება გადამალა.

”ეს იარაღი ადგილზეა. გაკეთებულია სამალავები. ლაპარაკია დიდი ოდენობით იარაღზე. ერთ-ერთი სამალავი ლუგელაში აღმოაჩინეს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ სამალავების უმეტესი ნაწილი კი არა, თითქმის არც ერთი სამალავი დღემდე გამოვლენილი და აღმოჩენილი არ არის. გარდა ამისა, ლაპარაკია გარკვეულ მრავალრიცხოვან ჯგუფებზე, რომელიც თავის დროზე მათი უშიშროების, ძალოვანი სტრუქტურების აღიცხვაზე იყო და ფულსაც უხდიდნენ. ასევე, საუბარია არა მხოლოდ ადგილობრივ ჯგუფებზე, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. ჩემი ინფორმაციით, ისინი საკმაო რაოდენობით საქართველოში უკვე შემოსული არიან - ეს ხალხი უკვე აქ არიან. ესენი გამოცდილი მებრძოლები არიან და ბევრი მათგანი ვიცი, რა მებრძოლებიც არიან. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა თვლის, რომ მათ საკმაო დასაყრდენი და მხარდამჭერები ჰყავთ ძალოვან სტრუქტურებში - განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროში და მათ შორის უშიშროებაში. მათ შექმნილი აქვთ სტრუქტურები ყოფილი პოლიციელებისგან, ყოფილი ძალოვანებისგან, რომლებიც ყოვედღიურად ძალიან აქტიურად მუშაობენ. ისინი კოორდინაციაში არიან ძალოვან სტრუქტურებთან და მათთან ინფორმაცია მიდის წყალივით. თავიანთთან ხალხი ფარულადაც ჰყავთ გაწევრიანებული და უბრალოდ იმედი აქვთ, რომ უკეთესს შემთხვევაში, ეს ხალხი კრიტიკულ სიტუაციაში არაფერს გააკეთებს”, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

მისივე შეფასებით, გუშინ, ინტერნეტით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან რევოლუციის მოწყობის სცენარს განიხილავს, თავად სააკაშვილის მიერ არის ”შემოგდებული”. როგორც ბათიაშვილი აცხადებს, მათ აწყობთ ყურადღება კარვების დადგამასა და საერთო სახალხო მღელვარების მოწყობაზე გამახვილდეს, რეალური გეგმა კი არის - სხვა. 
”რაზეც მე ვსაუბრობ, ეს ემყარება ინფორმაციასაც და ემყარება ანალიზსაც. მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს უშიშროებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს. დარწმუნებული ვარ, ჩარხს უკან ვერავინ ვერ დააბრუნებს. ეს არის სააკაშვილის ილუზია, მაგრამ რატომ უნდა მივიყვანოთ საქმე მაინცა და მაინც სროლამდე?!”, - აღნიშნა ბათიაშვილმა. 

ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. 
უფრო კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი სწორია, თუმცა თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ, რასაც ექს-პრეზიდენტი არ ეთანხმება.

„ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, - აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერის თანახმად და იქვე დასძენს, რომ „რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს“. 

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.