გოგა ხაინდრავა - ფარული ჩანაწერი გაკეთებულია, თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრისგან

გოგა ხაინდრავა - ფარული ჩანაწერი გაკეთებულია, თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრისგან

რეჟისორი გოგა ხაინდრავა ვარაუდობს, რომ გუშინ გამოქვეყნებული ფარული მასალა ოდესაში გამართულ შეხვედრაზე თავად ”ნაციონალური მოძრაობის” გუნდის წევრმა ჩაწერა. 
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხაინდრავამ განაცხადა, უტყუარი ინფორმაცია ამის შესახებ არ აქვს, თუმცა ადვილი დასადგენია.

”არც ერთი წამი და წუთი ეჭვი არ მეპარება, რომ ის რაც მოვისმინეთ, არის ნაწილი იმ ბოროტი გეგმის, რომელიც მათ გააჩნიათ. ყველაზე სავალალო მათთვის ამ პროცესში არის ის, რომ ჩანაწერი გაკეთებულია თავისივე გუნდის წევრისგან. ოდესაში შედგა ეს შეხვედრა. სააკაშვილი ოდესიდან არც ჩამოსულა. მე კინორეჟისორი ვარ და ვიცი რა არის ხმა, მე ვიცი, ვინ ლაპარაკობს და ვისთან არის მიკროფონი. მიკროფონი ფაქტობრივად ცხვირწინ უდევს სააკაშვილს. მაგალითად, ბობოხიძე არის „სკაიპით“ ჩართული და ეს ხმის მიხედვით ადვილად დგინდება. მე დარწმუნებული ვარ ამაში. მიკროფონი უდევს ცხვირწინ და ეტყობა ამას ერთ-ერთი თანაგუნდელი წერს. ყველაზე კარგად სააკაშვილის ხმა ისმის ამ ჩანაწერში”, - განაცხადა ხაინდრავამ. 

მისივე თქმით, ამ ჩანაწერში ”ყველაზე ამაზრზენი” იყო პეტრე ცისკარიშვილის განცხადება კადაფის მაგალითის შესახებ. 

”არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ შეიძლება იყოს კადაფის მხარდაჭერი, თუმცა მისი აღსასრული, რაც ვიხილეთ, იყო ამაზრზენი. ამ მენტალობის ადამიანია ცისკარიშვილი, რურუა, ბარამიძე, ბოკერია და ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს პრეტენზიას აცხადებს მათი მხრიდან ხელისუფლებაში მოსვლაზე. აბსოლუტურად საკმარისია ყველაფერი იმისთვის, რომ საზოგადოებამ ბოლო წერტილი დასვას ამ სექტასთან მიმართებაში. ეს არის სექტა და მისი ყველა მიმდევარი არიან სექტანტები. იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება კარგად გაიაზრებს, რა არის მოსალოდნელი, თუ ამ ადამიანებს ასპარეზი მიეცემათ. ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნობს, რომ ამ ქვეყნის ყოფნა-არყოფნა, მისი არსებობა, კეთილდღეობა არის ყველა ჩვენგანის ხელში”, - განაცხადა ხაინდრავამ.