ნუკრი ქანთარია - პაატა ბურჭულაძე პიროვნულად მეცოდება

ნუკრი ქანთარია - პაატა ბურჭულაძე პიროვნულად მეცოდება

პაატა ბურჭულაძე პიროვნულად მეცოდება, რადგან მისი დიდი ხნის მანძილზე მოპოვებული ავტორიტეტი ხელოვნურად და უსუსურად გაფანტა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “გირჩის” მხრიდან საარჩევნო ბლოკ “სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვების შეფასებისას განაცხადა. 

”პიროვნულად მეცოდება პაატა ბურჭულაძე. დიდი ხნის მანძილზე მოპოვებული ავტორიტეტი ხელოვნურად და უსუსურად გაფანტა. სცენაზეც რომ დაბრუნდეს იქნება აღქმული ”არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისი”, - განაცხადა ქანთარიამ. 

ის გამორიცხავს, რომ ”გირჩს” ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. 

”გამოვრიცხავ ამას, რომ აფინანსებდა. თუ ასეთ რამეს ქონდა ადგილი, აქამდე რანაირად ვერ გაიგო პაატა ბურჭულაძემ. ეს ძალიან არარეალურია. მითუმეტეს ზურაბ ჯაფარიძის კომენტარებიც მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ქანთარიამ. 

საარჩევნო ბლოკი ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” შესაძლოა გიორგი ვაშაძემაც დატოვოს. პაატა ბურჭულაძის თქმით, ვაშაძესთან რაიმე სახის პრობლემა არ აქვს, თუმცა, მისი საბოლოო გადაწყვეტილება ბლოკში დარჩენასთან დაკავშირებით დღეს გახდება ცნობილი.
„გიორგი ვაშაძესთან ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. მან თქვა, რომ სჭირდება დრო მოფიქრებისთვის. მასთან საუბრის საშუალება არ მქონდა. ხვალ გადაწყდება მისი საკითხი. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა გუშინ პაატა ბურჭულაძემ.

საარჩევნო ბლოკი ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” გუშინ ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა ”გირჩი” დატოვა. საარჩევნო კოდექსის თანახმად კი, დღეს 18:00 საათზე გადის ბოლო ვადა, როდესაც კანდიდატებს შეუძლიათ ოფიციალურად მოხსნან საკუთარი კანდიდატურა მაჟორიტარობიდან ან პარტიული სიიდან.