ვიქტორ დოლიძე ხელისუფლებას - გამოდი და თქვი, რომ მოუსმინე სააკაშვილს, რადგან გქონდა ეჭვი და ბრალს სდებ ამაში

ვიქტორ დოლიძე ხელისუფლებას - გამოდი და თქვი, რომ მოუსმინე სააკაშვილს, რადგან გქონდა ეჭვი და ბრალს სდებ ამაში

მე დარწმუნებული ვარ, რომ ფარულ ჩანაწერებში ნამდვილად სააკაშვილი იყო, რადგან ის ამის გამკეთებელია, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ვიქტორ დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვიქტორ დოლიძე გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტიის წევრებს დესტაბილიზაციაზე ესაუბრება.

”მე არ შემცვლია წარმოდგენა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაზე. ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ძალადობით მოვიდა ხელისუფლებაში. მთავრობაში ყოფნის დროს იყო მაგალითი ძალადობის. ადამიანის და კაცობრიობის წინაშე იმაზე მეტი დანაშაული რა უნდა იყოს არ ვიცი, რაც მათ თავიანთ მოქალაქეებს გაუკეთეს. იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა, შეიძლება ითქვას, რომ დღესაც აპირებენ ძალადობით ჩაიგდონ ხელში ხელისუფლება. ეს თუ დადასტურდა, ეს მოძრაობა საერთოდ უნდა მოიხნას არჩევნებიდან. ამის შემდეგ ვინ უნდა მისცეს ”ნაციონალურ მოძრაობას” ხმა, ვერ წარმომიდგენია”, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

დეპუტატი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, დროულად დაადგინონ კადრების ავთენტურობა.

”როცა ხარ ხელისუფალი, შენს ხელშია მოსასმენი აპარატურაც, მოსამართლესთვის მიმართვის საშუალება და ა.შ. ფეისბუქზე დადება და მდაბიო მეთოდებით ამის გაკეთება რა საჭიროა. მე წარმომიდგენია სააკაშვილი ამას როგორი ოსტატობით გააკეთებდა. ირაკლი ბათიაშვილი ჩასვა ციხეში არაფრის გამო. ამგვარი ფაქტები რომ ჰქონოდა, ნახევარ ქვეყანას დააპატიმრებდა ალბათ. ესენი კიდევ გამოდიან და ფეისბუქზე დებენ. რატომ დებ სოციალურ ქსელში, გამოდი და თქვი, რომ მოუსმინე სააკაშვილს, რადგან გქონდა ეჭვი და ბრალს სდებ ამაში. ეს იქნებოდა გასაგები ყველასთვის. არაპროფესიონალები არიან”, - აღნიშნა დოლიძემ.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, შესაძლოა, თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს, დოლიძემ უპასუხა, რომ ”მის ვაჟკაცობაში ძალიან დიდი ხანია ეჭვი ეპარება”.