საგარეო უწყება - ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

საგარეო უწყება - ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ლამბერტო ზანიერის შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო პერსპექტივებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ.

დავით დონდუამ ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზე და აღნიშნული პროცესის ფარგლებში პროგრესის მიღწევის მნიშვნელობაზე, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობას საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე. ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ და ღია გარემოში მიმდინარეობს. დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა ლამბერტო ზანიერს საქართველოში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის აქტიური მუშაობისათვის.