მე ვარ საქართველოს პროექტი. ამის შესახებ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
მისი თქმით, არ აინტერესებს, რა განცხადება გააკეთეს პარტიის დატოვების მიზეზებზე პავლე კუბლაშვილმა ან სხვებმა. ბურჭულაძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ „გირჩს“ მისი საარჩევნო ბლოკი თავად დაატოვებინა.
„მე ვერ მივიღებ ვერც ერთ „კაპიკს“, ვერც ერთი მხრიდან. მე ვარ საქართველოს პროექტი. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის კაცი არ ვარ. მე რომ მდომებოდა მათთან ყოფნა, მეც სიამოვნებით დავუდგებოდი გვერდით. როგორც დავუდექი მიშა სააკაშვილს, როცა მთავრობაში მოდიოდა. მაშინ დავუდეგი, რადგან მჯეროდა, რომ რაღაც ახალს გააკეთებდა. როგორც დავუდექი ბიძინა ივანიშვილს, როდესაც მინდოდა სააკაშვილის რეჟიმის წასვლა. მე დღეს დავუდგებოდი რომელიმეს, მაგრამ მე მეტის თქმა არ შემიძლია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანხა მოდის იქიდან. სულ რომ წავაგოთ არჩევნები, მე არ მინდა ვიყო ვინმეს მარიონეტი. ჩემი მიზანი არ არის მთავრობაში მოსვლა. მე უფრო დიდი პოციზია მეკავა მთელი ჩემი ცხოვრება, ვიდრე მთავრობის წევრობა. ეს პატივიც მქონდა და ხალხის სიყვარულიც. მე მოვედი იმისათვის, რომ ყველა გაჭირვებულ ადამიანს დავეხმარო“, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.