უკრაინის ელჩი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კიევის პოზიციას აფიქსირებს

უკრაინის ელჩი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კიევის პოზიციას აფიქსირებს

უკრაინის ელჩი საქართველოში, გიორგი ნაზაროვი დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან გამართულ აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მივიდა.

ელჩმა აქციის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

"მე როგორც უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი, გარწმუნებთ, რომ უკრაინა არასდროს ყოფილა აგრესიის პლაცდარმი აგრესიისა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილი არის ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მასთან უკრაინას არანაირი პრეტენზია არ აქვს. თუ რაიმე პრეტენზია არსებობს, იუსტიციის სამინისტროს შეუძლია, მოგვმართოს. საელჩოს გავლით, ასეთი ინფორმაცია არ მოსულა", - განაცხადა დიპლომატმა.

უკრაინის საელჩოსთან, დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია, "სახალხო კონტროლი", სოციალური ფორუმი, "ამერიკის ნამდვილი მეგობრები", GFA და მოქალაქეთა სხვადასხვა გაერთიანებები დაესწრნენ.

როგორც ცნობილია, დღეს, "იუთუბზე", მომხმარებელმა GeorgiaReality-მ გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი, რომლის აღწერაში ვკითხულობთ: სახელმწიფო გადატრიალების გეგმა სააკაშვილის ხელმძღვანელობით. საუბარში მონაწილეობენ მიხეილ სააკაშვილი. გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი და აკაკი მინაშვილი.

ამასთან დაკავშირებით, სუს-მა გამოძიება დაიწყო და პარტიის ლიდერები, ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის მოტივით არ გამოცხადდნენ და განაცხადეს, რომ დაკითხვაზე, დროის შერჩევის პრინციპით მივლენ.  ამასთან,  პოლიტიკური გაერთიანების ცენტრალურ ოფისში სუს-ის წარმომადგენლების მისვლა მოითხოვეს.