"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, კახა კალაძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" კარგად ესმით, რომ არჩევნებს წააგებენ, შესაბამისად, გეგმავენ დესტაბილიზაციას.
კალაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არის ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანებისგან შედგება.
"ძალიან მძიმე მოსასმენია ის, რაც არის ამ ჩანაწერში. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურად გაკოტრებულია და გადატრიალების მოწყობას გეგმავენ. ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანის წინააღმდეგ მიდიან. კარგად ესმით, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, არის დესტაბილიზაციის მოწყობა",-განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ყველა, ვინც ქვეყანაში არეულობის მოწყობას შეეცდება, კანონის წინაშე აგებს პასუხს.
"მინდა დავარწმუნო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომ არაფერი გამოუვათ, რადგან ჩვენ აბსოლუტურად ვფლობთ და ვაკონტროლებთ სიტუაციას. ვერავინ გაბედავს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას. ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პროცესებში იქნება ჩართული, პასუხს აგებს კანონის წინაშე. აშკარად ჩანს, რომ ეს მარგინალების დაჯგუფება წარსულშია ჩარჩენილი",-განაცხადა კალაძემ "იმედის" ეთერში.